სერბეთში საპროტესტო აქციაზე შეტაკებები მოხდა

ათასობით ადამიანმა სერბეთში, საპროტესტო აქცია გამართა, ჩრდილო-დასავლეთის ქალაქ ნოვი სადში, ადგილობრივ რკინიგზის სადგურზე მომხდარი სასიკვდილო შემთხვევის გამო, რაშიც ისინი მთავრობის დაუდევრობასა და კორუფციას ადანაშაულებენ.

უბედური შემთხვევა პარასკევს მოხდა, როდესაც სადგურის შესასვლელთან სახურავი მოულოდნელად ჩამოინგრა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაიღუპა და სამი მძიმედ დაშავდა.

პოლიციამ წიწაკის სპრეი გამოიყენა ხალხის დასაშლელად, მას შემდეგ რაც მომიტინგეებმა ქალაქის ცენტრში მე-19 საუკუნის მერიის შესასვლელის ფანჯრები დაამტვრიეს, შიგნით პიროტექნიკა ისროლეს და შენობას ცისტერნიდან თხევადი ნაკელი შეასხეს.

იქამდე, ნიღბიანმა დემონსტრანტებმა კვერცხები, ბოთლები და აგური ესროლეს მმართველი სერბეთის პროგრესული პარტიის (SNS) ოფისს.

"ხალხი ძალიან გაბრაზებულია... ეს ძალზედ სამწუხაროა”, - თქვა რადომირ ლაზოვიჩმა, პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომელიც შეუერთდა პროტესტს.

აქციის ორგანიზატორებმა მოგვიანებით განაცხადეს, რომ დემონსტრანტების ნაწილი პროვოკატორთა ჯგუფებს ეკუთვნოდა.

“ბუნტის მონაწილეები ამოცნობილნი არიან, ისინი თავს ესხმიან პოლიციას და მათ არ აკავებენ", - განუცხადა N1 ტელეკომპანიას ოპოზიციის დეპუტატმა მარინიკა ტეპიჩმა.

პოლიციამ სპეცრაზმით ალყა შემოარტყა სხვა სახელმწიფო და მუნიციპალურ ოფისებს ქალაქის ცენტრში.

თავის ინსტაგრამის პროფილზე გამოქვეყნებულ პოსტში ვუჩიჩმა თქვა: "პოლიცია ძალზე თავშეკავებულია, მაგრამ არ იფიქროთ, რომ ძალადობა დასაშვებია. ვინც მონაწილეობდა (ძალადობაში) დაისჯება."

სერბეთის ოპოზიციური პოლიტიკოსები, აქტივისტები და უფლებადამცველები ადანაშაულებენ ვუჩიჩის და მისი პარტიას კორუფციაში, ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირში და ნეპოტიზმში. ვუჩიჩი და მისი მოკავშირეები უარყოფენ მსგავს ბრალდებებს.

ორშაბათს სერბეთის ტრანსპორტის მინისტრმა გორან ვეშიჩმა ინციდენტის გამო თანამდებობა დატოვა.

პროკურორებმა განაცხადეს, რომ მათ ამ დროისთვის დაკითხეს 48 ადამიანი.