შეერთებული შტატების სენატის უმცირესობის ლიდერი ჩაკ შუმერი ფედერალურ ორგანოებს რუსული კომპანიის "ფეისაპის" (FaceApp) საქმის გამოძიებას სთხოვს. სენატორი არ გამორიცხავს, რომ ეს კომპანია ეროვნული უსაფრთხოების და პირადი ინფორმაციის დაცვისთვის საფრთხეს წარმოადგენდეს და გამოძიების მოთხოვნით მიმართავს ორ უწყებას: გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI) და ვაჭრობის ფედერალურ კომისიას (FTC). აღნიშნული მოთხოვნა უწყებებს ოთხშაბათს წერილობით გაეგზავნა.
საქმე იმაშია, რომ სმარტფონის აპლიკაციის ავტორები რუსი პროგრამისტები არიან და "ფეისაპის" მმართველი კომპანიაც რუსეთის ქალაქ პეტერბურგში მდებარეობს. პოპულარული აპლიკაცია დაახლოებით 80 მილიონ ადამიანს აქვს საკუთარ ტელეფონში ჩამოტვირთული, რითაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები რუსულ კომპანიას წვდომას არამარტო საკუთარ ფოტოებზე, არამედ ტელეფონში მოთავსებულ სხვა ინფორმაციაზეც აძლევენ.
ამ მონაცემების გაზიარება სენატორ შუმერის აზრით, შესაძლოა "მილიონობით ამერიკის მოქალაქეს ეროვნული უსაფრთხოების და პირადი ინფორმაციის დაცვის რისკებს უქმნიდეს" - ნათქვამია ორი ფედერალური უწყების ხელმძღვანელებისადმი გაგზავნილ სენატორ შუმერის წერილში.
შეერთებული შტატების დემოკრატიულმა პარტიამ კიბერ-თავდაცვის გასაძლიერებლად დამატებითი ზომები მიიღო, მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სხვადასხვა გზით ჩარევა სცადა. შესაბამისად, დემოკრატთა ეროვნული კომიტეტი ოთხშაბათსვე დაუკავშირდა 2020 წლის მარათონში მონაწილე საპრეზიდენტო კანდიდატებს და გააფრთხილა ისინი "ფეისაპთან" დაკავშირებული, შესაძლო რისკების შესახებ.
ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ კომპანია "ფეისაპი" რუსეთის მთავრობას აწვდის კლიენტთა მონაცემებს, ან მას რაიმე სხვა მიზნით იყენებს. მედიაში ვრცელდება კომპანიის განცხადება, რომელიც უარყოფს მონაცემთა სხვისთვის გაზიარებას, ან გაყიდვას. თუმცა, რუსეთის მთავრობაც დღემდე უარყოფს შეერთებულ შტატებში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩარევის მცდელობას, რაც არაერთი გამოძიებით დადასტურდა.
სენატორი ჩაკ შუმერი ფიქრობს, რომ კომპანიის რუსეთში მდებარეობა თავისთავად აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ მონაცემთა დაცვის საქმეს. არავინ იცის, თუ როგორ ინახება ამერიკის მოქალაქეთა მონაცემები და იყიდება თუ არა ეს ინფორმაცია კერძო პირებზე, ან მთავრობებზე.