სენატორთა ინიციატივა რუსეთზე სანქციების გაგრძელების თაობაზე

ბრიუსელში ნატოს სამიტის და მოგვიანებით, ჰელსინკიში ამერიკა-რუსეთის ლიდერების უმაღლესი დონის შეხვედრის წინ, სენატორთა ორპარტიული ჯგუფი რუსეთზე დაწესებული სანქციების გაგრძელების ინიციატივით გამოვიდა. რვა სენატორისგან შემდგარ ჯგუფს ხელმძღვანელობენ რესპუბლიკელი სენატორი რობ პორტმანი და დემოკრატი სენატორი ბობ მენენდესი. რეზოლუციის პროექტის ტექსტი სამშაბათს გამოქვეყნდა.

ამერიკის სენატში წარდგენილი რეზოლუცია კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიის, ყირიმის უკანონო ანექსიას. „ჩვენმა ქვეყანამ არასოდეს არ უნდა სცნოს ეს აგრესია და გააღრმავოს სანქციები რუსეთის მიმართ მანამ, სანამ ყირიმის უკრაინას არ დაუბრუნდება“ - აღნიშნავს სენატორი მენენდესი.

„შეერთებული შტატები კვლავ უკრაინის გვერდში დგას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ... ყირიმი უკრაინის ნაწილია. ვიდრე რუსეთი ამ ფაქტს არ აღიარებს და ყირიმს უკრაინას არ დაუბრუნებს, შეერთებულმა შტატებმა სანქციები უნდა შეინარჩუნოს“ - განაცხადა სენატორმა პორტმანმა.