სენატის რეზოლუცია საქართველოს პარლამენტს ხალხის პრობლემების გადაჭრაზე მუშაობის დაწყებისკენ მოუწოდებს

შეერთებული შტატების სენატს რეზოლუცია გაეგზავნა, რომელიც საქართველოს მთავრობას და ოპოზიციას პოლიტიკურ პარტიებს შორის ხელმოწერილი შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებს. რეზოლუციის ავტორები სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის უფროსი რესპუბლიკელი წევრი სენატორი რონ ჯონსონი, ქვეკომიტეტის თავმჯდომარე დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსი რესპუბლიკელი წევრი ჯიმ რიში არიან.

ასევე ნახეთ: სენატორებმა ჯონსონმა, შაჰინმა და რიშმა საქართველოზე რეზოლუცია სენატს გაუგზავნეს

რეზოლუციის ტექსტი, რომელიც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს 22 აპრილს გაეგზავნა, საქართველოს დემოკრატიული განვითარების, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შეერთებული შტატების ორპარტიულ მხარდაჭერას ადასტურებს.

რეზოლუციის ავტორები ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ, მთავრობას კი საარჩევნო და სასამართლო სტრუქტურების სისტემურ რეფორმებას სთხოვენ. რეზოლუცია აცხადებს, რომ ქვეყნის დემოკრატიული წინსვლისთვის ხელის შეშლას, შედეგად შესაძლოა ამერიკის მიერ საქართველოსთვის გაწეულ დახმარებაზე პირობების დაწესება მოჰყვეს.

რეზოლუცია „მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და პარლამენტში არჩეულ სხვა პარტიებს, სრულად შეასრულონ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ 2021 წლის 18 აპრილს შემოთავაზებული კომპრომისი, რომელსაც ხელი 2021 წლის 19 აპრილს მოეწერა“.

ასევე ნახეთ: სენატორი რიში: შეთანხმების სიმტკიცე ორივე მხარის მიერ მისი აღსრულებით დამტკიცდება

პარლამენტში არჩეულ ყველა წევრს რეზოლუცია „მოუწოდებს, დაიკავონ საკუთარი ადგილები პარლამენტში და დამატებითი დაყოვნების გარეშე დაიწყონ მუშაობა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის, კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგებზე, დასუსტებულ ეკონომიკაზე და გამოწვევებით სავსე რეგიონულ დინამიკაზე“.

რეზოლუცია ასევე „მოუწოდებს საქართველოს მთავრობას განახორციელოს სისტემური რეფორმები, რომლებიც შემუშავდება ინკლუზიური და გამჭვირვალე საპარლამენტო პროცესით ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის იმის უზრუნველსაყოფად, რომ სასამართლო სისტემა მიუკერძოებელი და დამოუკიდებელია და არ ხდება მისი გამოყენება პოლიტიკური ან პარტიული მიზნებისთვის“. რეზოლუცია მთავრობას მოუწოდებს ვენეციის კომისიისა და სხვა ექსპერტების მიერ მიცემული რეკომენდაციები სრულად გაითვალისწინოს.

რეზოლუცია საქართველოს მთავრობას ასევე მოუწოდებს, გამჭვირვალედ და მხარეების ჩართულობით „შეიმუშავოს სისტემური საარჩევნო რეფორმები პოლიტიკური ჩიხის გამომწვევი მიზეზების გადასაჭრელად და ასეთი კრიზისების განმეორების თავიდან ასაცილებლად“. ამ მიზნის მისაღწევად, რეზოლუცია მთავრობას ეუთო/ოდირის რეკომენდაციების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებს.

რეზოლუციაში სენატორები აცხადებენ, რომ საქართველოში მიმდინარე რთულ პოლიტიკურ სიტუაციას, რუსეთის მხრიდან მავნე ნაბიჯები კიდევ უფრო ართულებს, რომელთა მიზანიც ქვეყანაში ქაოსის დათესვა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციის გაგრძელებაა.

რეზოლუცია შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ “საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და პროცესებისთვის ხელის შეშლა შეანელებს მის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებებს და ეკონომიკის გაძლიერებას, და შეიძლება გამოიწვიოს შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთვის გაწეულ დახმარებაზე პირობების დაწესება“.

რეზოლუცია ხაზს უსვამს იმას, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიის უფრო მეტად განვითარებას და ისეთი მმართველობის ქონას, რომელიც დემოკრატიული ღირებულებების ერთგული იქნება, რუსეთის მავნე მოქმედებებისთვის წინააღმდეგობის გაწევას შეძლებს და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების შესაძლებლობას მისცემს.

ამ დროისთვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში რეზოლუციაზე კენჭისყრის თარიღი ცნობილი არ არის.

საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის მიღების ინიციატივით ერთი თვის წინ სენატორი რონ ჯონსონი გამოვიდა. მან ეს იდეა სენატში 23 მარტს გამართულ მოსმენაზე გააჟღერა, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ჩვენებებს ისმენდნენ საქართველოს დემოკრატიის ხარისხზე. მოსმენის დამთავრებისთანავე, "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარებში, სენატორებამ შაჰინმა და რიშმა რეზოლუციის მხარდაჭერაზე მზაობა გამოთქვეს.