ათწლიანი პაუზის შემდეგ სენატში ნატოს სადამკვირვებლო ჯგუფი აღადგინეს

სენატორები ჯინ შაჰინი (დემოკრატი) და ტომ ტილისი (რესპუბლიკელი)

ოთხშაბათს, დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა და რესპუბლიკელმა სენატორმა ტომ ტილისმა ორპარტიული ჯგუფის მუშაობა განაახლეს, რომელიც ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან კონგრესის კავშირის განმტკიცებისთვის არის გამიზნული.

სენატორების ორპარიულ ჯგუფს, რომლის შესახებ განცხადება დღეს, სენატში გაკეთდა, სენატის ნატოს სადამკვირვებლო ჯგუფი ეწოდება.

ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, არსებობს იმის გადაუდებელი აუცილებლობა, რომ შეერთებულმა შტატებმა ნატოსთან მჭიდროდ ითანამშრომლოს, რათა პასუხი გასცეს დასავლური დემოკრატიების წინაღმდეგ მიმართულ, მუდმივად პროგრესირებად საფრთხეებს, განსაკუთრებით კრემლიდან მომდინარე საფრთხეებს.
სენატორი შაჰინი

ჯგუფის ხელახლა შექმნის იდეა, სავარაუდოდ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმ წინააღმდეგობრივ კომენტარებს მოჰყვა, რომლებიც ამერიკის მხრიდან ევრო-ატლანტიკური ალიანსის მიმართ პასუხისმგებლობისა და ვალდებულების შესაძლო შემცირებას უკავშირდებოდა.

თავდაპირველად სენატის ეს ჯგუფი 1997 წელს დაარსდა და მან ნატოს გაფართოების ბევრ რაუნდს გაუწია ზედამხედველობა. გარდა ამისა, ის შეერთებული შტატების სხვადასხვა ადმინისტრაციებს, ნატოსა და კონგრესს შორის საკოორდინაციო ცენტრის მოვალეობას ასრულებდა. ჯგუფმა არსებობა 2007 წელს შეწყვიტა.

სენატის ნატოს სადამკვირვებლო ჯგუფის თანათავმჯდომარე სენატორმა შაჰინმა თქვა, რომ დღეს ნატოსა და ამერიკას შორის მჭიდრო თანამშრომლობა ისეა საჭირო, როგორც არასდროს.

„ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, არსებობს იმის გადაუდებელი აუცილებლობა, რომ შეერთებულმა შტატებმა ნატოსთან მჭიდროდ ითანამშრომლოს, რათა პასუხი გასცეს დასავლური დემოკრატიების წინაღმდეგ მიმართულ, მუდმივად პროგრესირებად საფრთხეებს, განსაკუთრებით კრემლიდან მომდინარე საფრთხეებს," თქვა სენატორმა შაჰინმა.

მისივე თქმით, "მართალია ნატო თავდაცვითი ალიანსია და ჩვენი მიზანი აგრესიის დამარცხებაა, მაგრამ თუ ჩვენს მიმართ აგრესია განხორციელდა, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ. ამის გამო, შეერთებული შტატების სენატისთვის ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ნატოს განვითარების საჭიროებებზე და შესაძლებლობებზე დაკვირვების საქმეში აქტიური როლის თამაში."

ერთი რამ, რაც დასავლეთის ყველა ქვეყანას, ყველა თავისუფალ ქვეყანას საერთო აქვს, არის ის, რომ ნატო მთელს მსოფლიოში დამამშვიდებელ გავლენას ახდენს და მსოფლიო უსაფრთხოებაში, სავარაუდოდ, ერთ-ერთი უდიდესი წვლილი შეაქვს.
სენატორი ტომ ტილისი

ჯგუფის რესპუბლიკელმა თანათავმჯდომარემ, სენატორმა ტომ ტილისმა თქვა, რომ ჯგუფის აღდგენის მთავარი მიზეზი მოკავშირეებისთვის გზავნილის მიწოდებაა - შეერთებული შტატების კონგრესი ნატოს მხარში უდგას. „ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ ნატოს ახალ წევრებს და შესაძლოა სხვებსაც,“ თქვა სენატორმა ტილისმა და დასძინა, რომ „ერთი რამ, რაც დასავლეთის ყველა ქვეყანას, ყველა თავისუფალ ქვეყანას საერთო აქვს, არის ის, რომ ნატო მთელს მსოფლიოში დამამშვიდებელ გავლენას ახდენს და მსოფლიო უსაფრთხოებაში, სავარაუდოდ, ერთ-ერთი უდიდესი წვლილი შეაქვს.“

ჯგუფის შექმნის გამოცხადებას ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, ევროპის საქმეებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე უეს მიჩელი ესწრებოდა. სენატის ნატოს ჯგუფის გახსნაზე ადმინისტრაციის წევრის დასწრება იმის ნიშანია, რომ თეთრი სახლი ნატოსთან ურთეირთობას პრიორიტეტულ საკითხად მიიჩნევს და მოკავშირეების მიმართ მხარდაჭერას უერთდება.

"ამერიკა ნატოს მიმართ ერთგული რჩება," თქვა მიჩელმა. „დღევანდელ მსოფლიოში არ არსებობს საგარეო პოლიტიკის არც-ერთი დიდი გამოწვევა, რომლის წარმატებით დაძლევის მოლოდინი შეერთებულ შტატებს ან ევროპას ერთმანეთის გარეშე შეიძლება ჰქონდეთ. ჩვენი ერთობა, დიდი ფასეულობის მქონე სტრატეგიული აუცილებლობა და ეროვნული რესურსია. ამერიკამ უნდა გააგრძელოს დასავლეთის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღება და ეს საქმე არასდროს ყოფილა უფრო მეტად მნიშვნელოვანი, ვიდრე დღეს,“ დასძინა მან.

ნატოს სადამკვირვებლო ჯგუფში, მისი ხელახლა დაარსებისთანავე, 100 სენატორიდან 10 წევრი დაინიშნა. თუმცა, თანათავმჯდომარეები იმედოვნებენ, რომ სენატის რესპუბლიკელ და დემოკრატ ლიდერებთან იმუშავებენ, რათა ჯგუფში ჩართულობა უფრო მრავალრიცხოვანი იყოს და მასში ის სენატორებიც დაინიშნონ, რომლებიც ამჟამად ეროვნული უსაფრთხოების სხვადასხვა კომიტეტში არ მსახურობენ.