შეერთებული შტატების სენატმა ტრილიონი დოლარის ოდენობის კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც ინფრასტრუქტურის პაკეტის კანონპროექტის სახელით არის ცნობილი. მისი დამტკიცება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის უმაღლესი პრიორიტეტი იყო.
კანონპროექტი ორპარტიული მხარდაჭერით გავიდა და მისი დანიშნულება ამერიკის ინფრასტრუქტურაში ათწლეულების მანძილზე ყველაზე დიდი ინვესტიციის ჩადება არის. ამ ინფრასტრუქტურულ პროექტებში შევა გზების, ხიდების, აეროპორტებისა და წყალმომარაგების სისტემების განახლება და აშენება.
ასევე ნახეთ: ბაიდენი ინდუსტრიას მეტი ელექტრო ავტომობილის წარმოებას სთხოვსკანონპროექტს სენატში 100 წევრიდან 69-მ დაუჭირა მხარი, მის წინააღმდეგ კი 30 სენატორი გამოვიდა. 69 მომხრიდან 19 რესპუბლიკელი სენატორი იყო. კენჭისყრის დამთავრებისთანავე სენატის ლიდერშიპმა მომდევნო 3,5 ტრილიონი დოლარის ოდენობის კანონპროექტის კენჭისყრაზე გატანაც გადაწყვიტა. მეორე პაკეტს, რომელიც ამ თანხის დახარჯვას, ძირითადად, ჯანდაცვისა და კლიმატური ცვლილებების მიმართულებით ითვალისწინებს, რესპუბლიკელები მხარს არ უჭერენ. თუმცა, დემოკრატები მათი მხარდაჭერის გარეშეც აპირებენ მის მიღებას.
ინფრასტრუქტურის კანონპროექტი ახლა წარმომადგენელთა პალატას გაეგზავნება დასამტკიცებლად, სადაც მას დიდი წინააღმდეგობა, სავარაუდოდ, არ შეხვდება.