ხუთშაბათს, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ჩინეთს დაჟინებით მოუწოდა, რუსეთს უკრაინასთან ომში იარაღის მიწოდებით არ დაეხმაროს და პეკინს სთხოვა, ამის ნაცვლად მოსკოვზე ზეწოლა მოახდინოს, რათა მან თავისი ძალები უკან დახიოს.
გერმანიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას შოლცმა თქვა, რომ რუსეთის შეჭრის დაგმობისგან პეკინის თავშეკავება გამაწბილებელია, თუმცა ბირთვული დე-ესკალაციისკენ მიმართულ მის ძალისხმევას მიესალმა.
ასევე ნახეთ: ჩინეთის ფაქტორი რუსეთ-უკრაინის ომშიჩინეთმა რუსეთის შეიარაღების ნებისმიერი გეგმების არსებობა უარყო და ჩინეთის ერთ-ერთმა მაღალი რანგის დიპლომატმა გაეროში 23 თებერვალს განაცხადა: „იარაღის გაგზავნა მშვიდობას არ მოიტანს... და ცეცხლზე ნავთს დაასხამს“.
შოლცის კომენტარებმა ხაზი გაუსვა, თუ უკრაინაში ომზე საერთაშორისო რეაგირებამ, გლობალური გათიშულობა როგორ წარმოაჩინა, როდესაც ჩინეთმა და ინდოეთმა თავი შეიკავეს რუსული აგრესია დაეგმოთ და სანქციების დაწესებაში დასავლეთს შეერთებოდნენ.
სააგენტო „როიტერს“ წყაროებმა უთხრეს, რომ აშშ ცდილობს, ჩინეთზე ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე ახლო მოკავშირეების პოზიცია გაარკვიოს იმ შემთხვევისთვის, თუ პეკინი რუსეთს სამხედრო დახმარებას გაუწევს.
„პეკინისთვის ჩემი გზავნილი ნათელია: გამოიყენე შენი გავლენა მოსკოვში და დაჟინებით მოითხოვე რუსული ჯარი უკან გაიყვანონ... და აგრესორ რუსეთს არანაირი იარაღი არ მიაწოდო,“ თქვა შოლცმა პარლამენტში გამოსვლისას.
მოსალოდნელია, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ჩინეთის როლი იქნება ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც პარასკევს, თეთრ სახლში შეხვედრის დროს აშშ-ის პრეზიდენტი ბაიდენი და გერმანიის კანცლერი შოლცი იმსჯელებენ.