სანტორუმი ობამას წინააღმდეგ იბრძოლებს

სამშაბათს ოჯახის წევრებით გარემოცული საპრეზიდენტო კანდიდატი, რიკ სანტორუმი ჟურნალისტებს შეხვდა. პენსილვანიის შტატის ქალაქ გეტესბურგში მოწყობილ პრესკონფერენციაზე მან განცხადება წინასაპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დასრულების შესახებ გააკეთა.

- ბოლო დღეებში დიდი ფიქრის და მსჯელობის შემდეგ გადავწყვიტე რესპუბლიკური პარტიის ნომინაციის მოპოვებისთვის ბრძოლა შევწყვიტო, განაცხადა რიკ სანტორუმმა.

გადაწყვეტილება უქმეებზე მივიღეთ. იმის მიუხედავად, რომ ეს საპრეზიდენტო რბოლა ჩვენთვის დამთავრდა და კამპანიას დღეიდან ვწყვეტთ, აქვე მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ“.

რესპუბლიკელთა წამყვანმა კანდიდატმა, მიტ რომნიმ აღნიშნულ გამოსვლასთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გააკეთა. „ღირსეული და მარჯვე“ მოწინააღმდეგე - ამ ეპითეტებით დაახასიათა მან რიკ სანტორუმი და კამპანიაში მოპოვებული წარმატებები მიულოცა.

პირველ სერიოზულ წარმატებას პენსილვანიის ყოფილმა სენატორმა, რიკ სანტორუმმა იანვრის დასაწყისში მიაღწია, როდესაც პრაიმერების სეზონის დასაწყისშივე მან აიოვას შტატის კოკუსი მოიგო. გამარჯვებები სანტორუმმა მოგვიანებით, სამხრეთის შტატებში გამართულ პრაიმერებშიც მოიპოვა.

თუმცა, უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში აშკარა გახდა, რომ სანტორუმი მიტ რომნის დელეგატთა ხმის რაოდენობით ვერ დაეწეოდა. მასაჩუსეტის ყოფილ გუბერნატორს მან ვერც ფონდების მოზიდვაში და კამპანიის ორგანიზებაში გაუწია სერიოზული მეტოქეობა.

რომნი დელეგატთა აუცილებელი 1 144 ხმიდან უკვე ნახევარზე მეტს ფლობს. სანტორუმის მიერ კამპანიის შეწყვეტის შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებამ მას საპრეზიდენტო ნომინაციის მოსაპოვებლად პრაქტიკულად გზა გაუთავისუფლა. ექსპერტები ერთხმად აცხადებენ, რომ მიტ რომნის რესპუბლიკელთა კანდიდატობა პრაქტიკულად გარანტირებული აქვს და მას აგვისტოში ფლორიდის ქალაქ ტამპაში დაგეგმილ პარტიის ყრილობაზე რესპუბლიკელთა ნომინანტად გამოაცხადებენ.

რიკ სანტორუმს მიტ რომნის ოფიციალური მხარდაჭერის შესახებ სამშაბათის გამოსვლაში არაფერი უთქვამს, თუმცა საკუთარ პარტიას აღუთქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა დემოკრატი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ხელმეორედ არჩევა არ მოხდეს. სანტორუმის თანადგომას პარტიის წამყვანი კანდიდატისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის კონსერვატორ რესპუბლიკელებს და ევანგელისტ ქრისტიან ამომრჩევლებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.

„ჩვენ იქ ვიქნებით და ბრძოლას გავაგრძელებთ, რათა პრეზიდენტი ბარაკ ობამას დამარცხებაში დავრწმუნდეთ. წარმომადგენელთა პალატასაც დავიბრუნებთ და შეერთებული შტატების სენატშიც გავიმარჯვებთ, რადგან სწორედ ის ღირებულებები გაგვაჩნია, რაც ამერიკას მსოფლიოს უდიადეს ქვეყნად წარმოაჩენს“ - განაცხადა რიკ სანტორუმმა.

წინასაპრეზიდენტო არჩევნებში ბრძოლას წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი, ნიუტ გინგრიჩი და ტეხასის შტატის წარმომადგენელი, რონ პოლი კვლავ აგრძელებენ. თუმცა, პოლიტოლოგების აზრით მათ დელეგატთა იმდენად ცოტა ხმა გააჩნიათ, რომ კანდიდატთა გამარჯვების შანსები მინიმალურია.

ვფიქრობ, რეალისტები უნდა ვიყოთ. მისი ორგანიზაციის მასშტაბის გათვალისწინებით და მოგებული პრაიმერების რაოდენობის მიხედვით, მას რესპუბლიკელთა ნომინაციის მოპოვება პრაქტიკულად გარანტირებული აქვს“ - ეს განცხადება კვირას „ფოქსის“ ტელეგადაცემაში თავად ნიუტ გინგრიჩმა გააკეთა.

სანტორუმის წასვლა მიტ რომნის საშუალებას აძლევს საარჩევნო კამპანიის სტრატეგიის მთავარი კურსი შეცვალოს და საკუთარი კონკურენტებიდან ყურადღება დემოკრატი პრეზიდენტის დამარცხებაზე გადაიტანოს. საზოგადოებრივი გამოკითხვების მიხედვით პრეზიდენტი ობამა მასზე უფრო პოპულარულია. „ვაშინგტონ პოსტის“ და „ეი-ბი-სის“ ერთობლივ გამოკითხვაში ბარაკ ობამას ამერიკელთა 51 პროცენტი უჭერს მხარს, მიტ რომნის კი - 44.

ექსპერტების აზრით პრეზიდენტის და ზოგადად დემოკრატიული პარტიის უპირატესობა ესპანურენოვან მოსახლეობაში და ქალთა შორის მეტი პოპულარობით აიხსნება. იგივე გამოკითხვის მიხედვით ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ეკონომიკური გაჯანსაღების საკითხი იქნება. ამერიკელი ამომრჩეველი უმუშევრობის საკითხს მთავარ პრიორიტეტად ასახელებს.