საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ ის ემიჯნება ძალადობას. პრეზიდენტის სახელით განცხადება ადმინისტრაციამ გაავრცელა.
ასევე ნახეთ: ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი ახალ აქციებს აანონსებს და ხმების გადათვლას ითხოვს"საქართველო პატივს სცემს ევროპულ ღირებულებებს და ერთგულია დემოკრატიული პრინციპებისა, რომლებსაც ეფუძნება ჩვენი ორი მეგობარი სახელმწიფოს განვითარება, წინსვლა და ევროპულ ოჯახში დაბრუნება. ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე პროცესი დასრულდება ისე, რომ ბელარუსის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს არ დააზიანებს და არც შეაფერხებს. ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას. გვჯერა, რომ ბელარუსი და მისი ხალხი შეძლებს საკუთარი მომავლის დემოკრატიულად გადაწყვეტას," - წერია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.
პრეზიდენტი ზურაბიშვილის მხრიდან ბელარუსში განვითარებული მოვლენების შესახებ ეს პირველი განცხადებაა.