ტელეკომპანია "რუსთავი 2" იყიდება. ამის შესახებ მისმა ახლანდელმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა განაცხადა. ხალვაშის თქმით, კომპანია გაკოტრების პირასაა მიყვანილი, რაც ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას მმართველობის დროს მოხდა.
ბიზნესმენი ამბობს, რომ კომპანიის დავალიანება, თითქმის, 70,000,000 ლარია. "მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანება 27,000,000 ლარს შეადგენს. "რუსთავი 2"-ს პრაქტიკულად ყველას ვალი აქვს - წყლის მომწოდებელი კომპანიიდან დაწყებული, ეგზიტპოლების ჩამტარებელი ამერიკული კომპანიით დამთავრებული. ვალის დიდი ნაწილი დაგროვილია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სწორედ იმ პერიოდში, რაც დავა დავიწყე და ცხადია, რომ ყველაფერი მიზანმიმართულად ხდებოდა", ნათქვამია ხალვაშის განცხადებაში.
ხალვაშის თქმით, მას არ აქვს საკმარისი ფინანსები კომპანიის კრიზისული მდგომარეობიდან გამოსაყვანად, ამიტომ მას ყიდის.
"მსურს ღიად და საჯაროდ განვაცხადო, რომ მზად ვარ ვისაუბრო ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან, ვინც იყიდის "რუსთავი 2"-ს, დაეხმარება მას გამოვიდეს კრიზისიდან და გახდეს წარმატებული კომპანია. შესაბამისად მე, დავიბრუნებ იმ ზარალს, რომელიც მომადგა კომპანიის მიზანმიმართული გაკოტრების მცდელობამ.
ერთადერთი, ვისათანაც არ ვაპირებ საუბარს, იქნება „რუსთავი2“-ის ყოფილი არაფორმალური მფლობელი და მმართველი მიხეილ სააკაშვილი. გადავწყვიტე, გავყიდო „რუსთავი 2“ გამჭვირვალე კონკურსის წესით მასზე, ვინც ყველაზე მაღალ ფასს გადაიხდის. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია მწვავე ფინანსური კრიზისის წინაშე დგას, კონკურსი უნდა დასრულდეს ერთი კვირის ვადაში.
იმავდროულად, პოლიტიკური თუ სხვა ხასიათის მანიპულაციების თავიდან ასაცილებლად, ვისაუბრებ მხოლოდ იმ პირებთან, ვინც წარმოადგენს საკუთარ განზრახულობათა სერიოზულობის დასტურს, რაც შეიძლება იყოს საბანკო გარანტია ან სპეციალურ საკონკურსო ანგარიშზე არანაკლებ 1,000,000 აშშ დოლარის თანხის განთავსება."
დღესვე ამ თემასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს ნიკა გვარამიამ და ეროსი კიწმარიშვილის მეუღლე ია კიწმარიშვილმა. გვარამიას თქმით, სალიამ და ხალვაშმა "მოკლეს" "რუსთავი 2", ხოლო კიწმარიშვილმა მოუწოდა ახალ, სავარაუდო, მფლობელებს, არ იყიდონ კომპანია, რომელიც ჯერ ისევ სადავოა.