პროკურატურიდან გამოსულმა „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ "პროკურორი გულუაშვილი არის სისხლის სამართლის დამნაშავე და აუცილებლად შევიტან სამოქალაქო სარჩელსაც სახელისა და ღირსების შელახვისთვის. პროკურორმა გულუაშვილმა უბრალოდ იჭორავა საქმის მასალებიდან რაღაც ამოკითხულით, რომელიც ალბათ, დაუწერეს, მაგრამ ციხეში მაინც გულუაშვილი მოხვდება“.
"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, გვარამია აცხადებს, რომ ყველაფერი გაკეთდა მისი სახელისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შელახვის მიზნით. წაყენებული ბრალი, კი ნიკა გვარამიას შეფასებით ეხება კონტრაქტის დადებას:
„ერთგვერდიანი ბრალია, თუ რატომ დადო დირექტორმა კონტრაქტი, ეს არის სამარცხვინო. მე ამას არ წავიკითხავ“, - თქვა ნიკა გვარამიამ და ბრალის დადგენილება პროკურატურის წინ, პირდაპირ ეთერში დახია.
მან აღნიშნა, რომ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილი გადაურჩეს ციხეს, მაგრამ ყველა, ვინც უკანონო დავალებებს ასრულებდნენ, ციხეში ჩასხდებიან.
"რუსთავი 2"-ის ყოფილ დირექტორს პროკურატურამ ბრალი 9 აგვისტოს წაუყენა საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს "საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია".
Facebook Forum