“რუსთავისა“ და „ბანის“ ტურნე ჩრდილოეთ კავკასიაში

"რუსთავი" ვლადიკავკაზის სცენაზე

„ჩემი კარგო ხალხო, მე მინდა მეგობრობის სადღეგრძელო ვთქვა, რომ ჩვენ ასე გემრიელად ერთმანეთს შევხდით, ველოდით ერთმანეთს და გაუმარჯოს ჩვენს ურთიერთობას და ჩვენს მეგობრობას გაუმარჯოს“.(ხანგრძლივი ოვაცია)

პოპულარული ქართული ფოლკ-ჯგუფის „ბანის“ სოლისტმა მათე ფირცხალავამ ეს სიტყვები, ქართულ ენაზე, გუშინ, ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქ ვლადიკავკაზში წარმოთქვა, სადაც „ბანი“ რუსეთში პირველი ფედერალური საგასტროლო ტურნეს ფარგლებში ჩავიდა. ჩრდილოეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონცერტო დარბაზში, სადაც ქართული ფოლკ ჯგუფი ოსი მაყურებლის წინაშე პირველად წარსდგა, სრული ანშლაგი იყო.

ორი დღით ადრე ვლადიკავკაზში, იმავე საკონცეტრო დარბაზში, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „რუსთავმა“ იცეკვა. მიუხედავად იმისა, რომ სეპარატისტები ცხინვალიდან კატეგორიულად ითხოვდნენ ორივე ამ ღონისძიების ჩაშლას და 50-კაციანი ორგანიზებული პიკეტიც მოაწყვეს, ვლადიკავკაზელები „რუსთავსაც“ ოცავიებით შეხვდნენ, აქაც ყველა ბილეთი გაიყიდა.

ჩრდილო ოსური გამოცემა „აბონის“ ჟურნალისტი ზაურ ფარნიევი წერს, რომ ვლადიკავკაზში პირველი შემთხვევაა, როცა „რიგითი“ კონცერტის გამო, მილიციამ და სპეცნაზმა საავტომობილო მოძრაობა გადაკეტა. ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელობა და საკონცერტო დარბაზის დირექტორი, ჩრდილოეთ ოსეთის კულტურის ყოფილი მინისტრი ედუარდ გალაზოვი ცხინვალიდან პროვოკაციებს ელოდნენ, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა.

ქართული სახელმწიფო ანსამბლის „რუსთავის“ მთავარი ქორეოგრაფი ფრიდონ სულაბერიძე ამბობს, რომ ჩრდილო ოსები მათ უმაღლესს დონეზე დახვდნენ:

ჩვენ ვართ ხელოვანი ხალხი, ჩვენ ვაჩვენებთ ჩვენი ქვეყნის ხელოვნებას. არაფერი აქ პოლიტიკური არ არის.
ფრიდონ სულაბერიძე

„ჩვენ ვართ ხელოვანი ხალხი, ჩვენ ვაჩვენებთ ჩვენი ქვეყნის ხელოვნებას. არაფერი აქ პოლიტიკური არ არის, ჩამოვედით რომ იყოს მშვიდობა, რომ ვიყოთ ერთმანეთთან კარგად, აქაური მხარე არაჩვეულებრივად დაგვხვდა.“

2008 წლის აგვისტოში რუსეთის არმიის ინტერვენციისა და საქართველოს ტერიტორიების მიტაცების შემდეგ, ერთ-ერთი პირველები რუსეთში, ანსამბლი „სამაია“ და „კავკასიონი“ ჩავიდნენ, თუმცა ქართული საზოგადოებაში განსაკუთრებული ხმაური და არაერთვაროვანი რეაქცია, 2013 წელს, საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „ერისიონის“ რუსულ გასტროლებს მოჰყვა. მას შემდეგ, მოსკოვის რეისს კიდევ ბევრი ცნობილი ქართული ანსამბლი თუ მომღერალი გაყვა, თუმცა არიან გამონაკლისებიც.

ცნობილმა ქართველმა მომღერალმა ვახტანგ კიკაბიძემ 2008 წლის აგრესიის შემდეგ, უარი თქვა რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მიერ მინიჭებულ „მეგობრობის“ ორდენზე და მას შემდეგ, რუსეთში აღარ ჩასულა. სულ ახლახანს, კი ბუბა კიკაბიძემ პუტინს მოუწოდა გაათავისუფლოს უკრაინელი მფრინავი ნადია სავჩენკო, რომელსაც რუსეთში 22 წელი მიუსაჯეს.

„ჩვენ აქ ვმღერივართ, ვცეკვავთ და მიდის დიდი ომი, საერთოდ რაც ხდება, კაცმა თეთრზე თეთრი უნდა თქვას და შავზე შავი, ასე მესმის მე. ამაზე არც სპეკულაციაა საჭირო და არც რეკლამის გაკეთება.“

ანსამბლი „რუსთავი“, რომელმაც საგასტროლო ტურნე რუსეთში სწორედ ვლადიკავკაზში დაიწყო, ბოლო ორი დღის მანძილზე, ასევე ანშლაგით გამოვიდა,ნოვოროსიისკსა და კრასნოდარში, „რუსთავს“ წინ აქვს გასტროლები: როსტოვში, ესენტუკში, სტავროპოლსა და ნალჩიკში, სადაც რუსული ტურნე დასრულდება.

რაც შეეხება ფოლკ-ჯგუფ „ბანს“, მათ ტურნე რუსეთში პეტერბურგიდან დაიწყეს. ვლადიკავკაზის გარდა უკვე იმღერეს ნიჟნი ნოვგოროდში, ვოლგოგრადსა და ნალჩიკში. ტურნეს კი 29 მარტს, სოჭში დაასრულებენ. აპრილში, რუსეთის დედაქალაქში უკვე ქართული ჯგუფი - „მგზავრები“ გამოვა, მაისში, კი მოსკოვში, ისევ „ბანი“ იმღერებს.