ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფოლკლორული ფესტივალი თბილისში


ხმა _ სიმღერა მეგრულ ენაზე. _ ამ სიმღერას მუსიკოსი ზაზა კორინთელი მეგრულ ენაზე, დეიდა შურასთან ერთად მღერის. უკანასკნელი წლების განმავლობაში, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მუსიკალური ტენდენციები იცვლება. თუკი უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე ესტრადის კონცერტებს სათვალავი აღარ ჰქონდა, და თითქის ყოველდღიურად თბილისის სხვადასხვა საკონცერტო დარბაზებში, სხვადასხვა ესტრადის მომღერლების შოუები იმართებოდა, უკანასკნელ დროს მათი რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, ესტრადამ თითქოს მეორე პლანზე გადაინაცვლა. ისევ პოპულარული და აქტუალური გახდა ოპერა, უფრო ხშირი და ხარისხობრივად მაღალი გახდა ჯაზ-ფესტივალი თბილისში, რომელსაც კომპანია “ისთერნ ფრომოუშენი” აწყობს და ასევე - კულტურული ცხოვრების ზედაპირზე ისევ ამოიწია ფოლკლორის ნიმუშებმა.

უკვე მესამე წელია კუს ტბის ძირში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში იმართება ფესტივალი “არტ გენი”. წელს ის ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება, მისი საზეიმო გახსნა კი გუშინ იყო. იქიდან გამომდინარე, რომ ფესტივალი 10 დღე გრძელდება, ბუნებრივია პორგრამაც უფრო მსუყე და მრავალფეროვანია. ამ ფესტივალის იდეის ავტორები და ორგანიზატორები, მუსიკოსები: ზაზა კორინთელი, იგივე ზუმბა და ნიაზ დიასამიძე არიან. ისინი მთელი წლის განმავლობაში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ქართული და არა მხოლოდ ქართული, კავკასიური ფოლკლორის ნიმუშებს და მის შემსრულებლებს ეძებენ. ყოველი მათგანი კი ივლისის თვეში, სწორედ ეთნოგრაფიულ მუზეუმში იყრის თავს.

მაგალითად ეს სიმღერა ჩეჩნურ ენაზე სრულდება. _ სიმღერა ჩეჩნურ ენაზე. _ სამ ჩეჩნურ, ქისტურ და ერთ ქართულ სიმღერას პანკისიდან ჩამოსული მომღერლები ასრულებენ. ანსამბლი “პანკისი” ფესტივალ “არტ გენში” პირველად არ მონაწილეობს და მონაწილეობა მხოლოდ აქ არა აქვთ მიღებული. მანანა ალხანიშვილი _ პირველად კი არ ვართ აქ. ჩვენ სხვა ქვეყნებშიც დავიდავართ. გვაქვს გამოშვებული კომპაქტ დისკებიც, წიგნებიც...

_ ტერიტორიაზე ყველა კუთხეში, საქართველოს ყველა კუთხეა მოცემული, კახელები, გურულები, მეგრელები, ყველა თავის პროდუქციას ყიდის: თექის, ხის, მინანაქრის და ბამბის ნივთები. კახელები თავის კუთხეში კი კახურ პურს და მწვადს სთავაზობენ სტუმრებს. სპეციალურად ამ ფესტივალისთვის მაჭახელიდან ბაიარ_შაჰინ გუნდარიძეც ჩამოვიდა. ბაიარ-შაჰინ გუნდარიძე _ ეხლა ამ ფესტივალზე მთელი საქართველო ცოცხლობს. ცხოვრება ყველა კუთხიდან და ის არის რაც ცხოვრებას სჭირდება. ძალიან კარგი ფესტივალია. _ ფესტივალის ორგანიზატორი ზაზა კორინთელიც, იმას აღნიშნავს, რომ ეთნოგრაფიულ მუზეუმში დღეს მთელი საქართველო ცოცხლობს.

ზაზა კორინთელი _ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ დავიცვათ ამ ფესტივალის სახალხოობის ფორმატი. გვინდა რომ ყველა მონაწილემ თავი მასპინძლად იგრძნოს და ასეც არის, ყველა ცხოვრობს სახლში და იქ იღებს სტუმარს და წარმოუდგენს საკუთარ ხელოვნებას. _ ერთი სიტყვით, ფესტივალი კიდევ 9 დღე გაგრძელდება, სანახავი იქ ძალიან ბევრია და დაკვირვებული მსმენელი თუ მაყურებელი შეამჩნევს, რომ ყველაზე ძველი, შესაძლებელია დღეს ყველაზე თანამედროვე იყოს. ფესტივალი “არტ გენი” 23 ივლისამდე გაგრძელდება და გარდა უნიკალური და შესანიშნავი სანახაობისა, იქ გრილი და სასიამოვნო საღამოს გატარებაც არის შესაძლებელი. რადიო ამერიკის ხმა ნინია კაკაბაძე თბილისიდან.

XS
SM
MD
LG