ციხეში მყოფი კრემლის კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი ამბობს, რომ მცირე დარღვევებში ბრალდების შემდეგ, სადამსჯელო კარცერში, განცალკევებულ პატიმრობაში გადაყვანის შესაძლებლობის გამო შიშობს.
29 მარტს, ნავალნიმ “ინსტაგრამის” შეტყობინებაში თქვა, რომ კოლონიაში, სადაც ის სასჯელს იხდის, ორი კვირის განმავლობაში ექვსი საყვედური გამოუცხადეს.
“ორ საყვედურს მიიღებ და სადამსჯელო, გამარტოებულ კარცერში მიდიხარ, რომელიც არასასიამოვნო ადგილია. იქ არსებული პირობები წამებას უახლოვდება”, თქვა ნავალნიმ.
ასევე ნახეთ: ნავალნისთან დაკავშირებული კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა
პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ყველაზე ცნობილი კრიტიკოსი ნავალნი, კოლონია ნომერ 2-შია დატუსაღებული. ეს კოლონია მოსკოვიდან დაახლოებით 100 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს და რუსეთის ერთ-ერთ უმკაცრეს საპატიმრო ადგილად არის ცნობილი.
ნავალნიმ თქვა, რომ მის დარღვევებში შედიოდა: “გაღვიძების ბრძანებამდე” 10 წუთით ადრე საწოლიდან წამოდგომა და თავის ადვოკატთან მაისურით შეხვედრა.
“ახლა ველი საყვედურს სიტყვებით “დღის განმავლობაში ჩაიცინებდა ხოლმე და თქვა, რომ ტანჯვის დრო იყო”, თქვა ნავალნიმ თავის შეტყობინებაში და დაამატა, რომ ვითარებამ დაწყებითი სკოლა გაახსენა, როდესაც მოსწავლეებს ეუბნებიან, რომ მასწავლებელს არ ეკამათონ, რადგან მათ “ყველაფერი უკეთესად” იციან.
გასულ კვირაში ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი წამოიჭრა, როდესაც მისმა მოკავშირეებმა თქვეს, რომ მისი ჯანმრთლობის გაუარესების გამო შეშფოთებული იყვნენ და ციხის მესვეურებს მისი მდგომარეობის განმარტებისკენ მოუწოდეს.
ნავალნიმ თქვა, რომ ზურგის მძიმე ტკივილით იტანჯებოდა და ციხის ადმინისტრაცია პრობლემის გადასაჭრელად “არაფერს” აკეთებდა.
ნავალნიმ 26 მარტს “ინსტაგრამის” შეტყობინებაში თქვა, რომ “საწოლიდან წამოდგომა გაძნელებული და ძალიან მტკივნეულია” და ციხის ექიმმა დღეში ორი აბი “იბუპროფენი” გამოუწერა.
ვლადიმირის ოლქის საჯარო ზედამხედველობის კომისიის წევრები კოლონიაში მივიდნენ და ნავალნის შეხვდნენ. კომისიის თავმჯდომარე ვიაჩესლავ კულიკოვმა 28 მარტს თქვა: “ნავალნიმ ფეხის ტკივილზე დაიჩივლა და ტკივილის სამკურნალოდ ინექციების მიღებაში დახმარება ითხოვა. ჩვენ ექიმებს ვთხოვეთ ამისთვის ყურადღება მიექციათ და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი სამედიცინო გამოკვლევა ჩაეტარებინათ.”
ნავალნის ციხეში გამწესებამ ქვეყანაში პროტესტების ტალღა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ რეპრესიები გამოიწვია.
ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა და კანადამ, ნავალნის საქმის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების წყება დააწესეს.