რას გრძნობენ რუსები?

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რუსები სულ უფრო მეტად ამჩნევენ აგრესიასა და უკმაყოფილებას მათ გარემოცვაში. 2017 წელს ჩატარებული კვლევით ირკვეოდა, რომ გარშემომყოფთა შორის აგრესიასა და უკმაყოფილებას, გამოკითხულ რუსთა 37% გრძნობდა. ავტორიტეტულმა რუსულმა კვლევითმა ორგანიზაცია „ლევადამ“, საზოგადოებრივი აზრი კვლავ გამოიკვლია და აღმოჩნდა, რომ 2021 წელს ეს მაჩვენებელი 57%-მდეა გაზრდილი.

კვლევით ირკვევა, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გაზრდილია დეპრესიის მაჩვენებლები. 2017 წელს, ამ განწყობაზე გამოკითხულ რუსთა 40% მიუთითებდა. 2020 წელს 54%, 2021 წელს 48%.

ასევე ნახეთ: დახვრეტა ან „პირველი ელვა“ - რუსეთმა ატომური იარაღი მოპარული ინფორმაციით შექმნა  


რაც შეეხება რესპოდენტების პირად განცდებს, ტრადიციულად, რუსები უფრო ხშირად ხაზს უსვამენ თვითდაჯერებისა და კმაყოფილების ზრდას, ვიდრე ნეგატიურ შეგრძნებებს. თუმცა, გარკვეულწილად მაჩვენებლები ამ მიმართულებითაც შემცირებულია. იმ რუსთა პროცენტული მაჩვენებელი, ვინც თავდაჯერებულობასა და თვითკმაყოფილებას გრძნობს, 2019 წელს 59% იყო, 2020 წელს 58%, 2022 წელს კი 50%.

2020 წელთან შედარებით, რესპოდენტები საკუთარ თავში, უფრო მეტ აგრესიას ამჩნევენ. 2020 წელს ასეთი, გამოკითხულთა 39% იყო, წელს 44%-ია.

კვლევაში განცდებისა და ფსიქიკური თუ ფიზიკური მდგომარეობის სხვადასხვა კატეგორია იყო წარმოადგენილი, - უკმაყოფილება, აგრესია, შიში, სასოწარკვეთა, შური, დეპრესია, დაღლილობა, დაბნეულობა, მარტოობა, სირცხვილი. ასევე, კმაყოფილება, თავდაჯერებულობა, ღირსება, ნდობა, თავისუფლება, სიამაყე და პასუხისმგებლობა.

„ლევადა ცენტრმა“ კვლევა 2021 წლის 29 იანრვიდან, 2 თებერვლამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციის 50 რეგიონის 137 მუნიციპალიტეტში, 18 წელზე მეტი ასასკის 1 616 ადამიანი გამოიკითხა.

„ლევადა ცენტრი“ რუსული ეროვნული იდენტობის, კოლექტიური სოლიდარობის საკითხებს, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებებს 80-ანი წლების მიწურულსაც იკვლევდა. მაშინ, კვლევით პროგრამას „საბჭოთა ადამიანი“ ერქვა.

2019 წელს, ორგანიზაციამ ჩატარებული კვლევა წარმოადგინა, რომლითაც დგინდებოდა, რა ემაყებოდათ და რის გამო რცხვენოდათ რუსებს. მაშინ, კვლევამ აჩვენა, რომ რუსული მოსახლეობის უმეტესობის სიამაყეს, კვლავ წარსული იწვევდა.

გამნოკითხულთა 87% სამამულო ომში გამარჯვებით იყო ამაყი, 50% „რუსეთის მიერ კოსმოსის“ ათვისებით, 40% კი „დიდებული რუსული ლიტერატურით“.

თანამედროვე პოლიტიკურ მოვლენათაგან, მაშინ გამოკითხულთა 45% საამაყოდ „ყირიმის დაბრუნებას“ მიიჩნევდა. 36% რუსული შეიარაღებით, 18% კი ვლადიმირ პუტინით ამაყობდა. 2019 წლის კვლევის მიხედვით, მხოლოდ 1% თვლიდა, რომ რუსეთს საამაყო არაფერი აქვს.

როცა საქმე სირცხვილს შეეხება, რუსები აქცენტს, ძირითადად, თანამედროვე სოციალურ-პოლიტიკურ პრობლემებზე აკეთებდნენ. მაშინ, გამოიკითხულთა 61%-ს მუდმივი სიღარიბის გამო რცხვენოდა, თუმცა მიაჩნდათ, რომ რუსეთი უმდიდრესი ქვეყანაა. 37% სირცხვილს განიცდიდა “ამორალურობის, სიხარბის, ერთმანეთის მიმართ უპატივცემულობის” გამო. 24%-ს რცხვენია იმის გამო, რომ რუსეთი “დასავლეთს ჩამორჩება.”

ასევე ნახეთ: ქოლგიდან, ფინჯან ჩაიმდე - „КГБ“ როგორც საწამლავების საწარმო

წლების განმავლობაში, სულ უფრო მზარდი იყო სირცხვილის განცდა, საბჭოთა კავშირის დაშლის გამო. 2019 წელს წარმოდგენილი კვლევის შედეგებით ირკვეოდა, რომ ამის გამო სირცხვილს რუსების 45% განიცდიდა. გამოკითხულდა 6%-ს კი მიაჩნდა, რომ რუსეთს სამარცხვინო არაფერი აქვს.