ქოლგა და ჩაი, როგორც წესი, ბრიტანული ყოველდღიურობს კლასიკური შემადგენელი ნაწილია. თუმცა, როცა საქმე რუსეთს ეხება, ასოციაციები მარტივია.
არასასურველი პერსონების გასანეიტრალებლად, კრემლს სხვადასხვა ხერხით, სხვდადასხვა შემადგენლობის საწამლავით მოქმედების ხანგრძლივი და მრავალფეროვანი ისტორია აქვს.
თანამედროვე სამყაროში ადამიანებს არ უკვირთ ტელეეკრანებზე ან პრესის ფურცლებზე კრემლის წინააღმდეგ მებრძოლთა ფოტოები, რომლებიც სიცოცხლისთვის იბრძვიან. ასე არის ახლა ალექსეი ნავალნის შემთხვევაში; ასე იყო სკირპალების, ლიტვინენკოს შემთხვევებში და იქამდეც, ვიდრე რუსულ საზოგადოებას - ახლა უკვე ლამის განუსზღვრელი ვადით - მმართველად ვლადიმირ პუტინი მოევლინებოდა.
„ჩხვლეტა ქოლგით“
საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის, იგივე "სუკის" (КГБ), მეთოდები კინორეჟისროებისთვის შთაგონების წყაროდაც იქცა. საბჭოთა ადამიანებში, მათ შორის, ქართულ საზოგადოებაში, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ფრანგული კომედია „ჩხვლეტა ქოლგით“. 1980 წელს გადაღებული კინოსურათი ნამდვილ და სრულიად არაკომიკურ ისტორიზეა დაფუძნებული.
ბულგარელი დისიდენტი მწერალი, გეორგი მარკოვი, 1960-იანი წლებიდან დასავლური მედიისთვის მუშაობდა. თანამშრომლობდა აშშ-ის მთავრობის მიერ დაფუძნებულ „რადიო თავისუფალ ევროპასთან“. ბოლოს ის „ბი ბი სი“-ს თანამშრომელი იყო. 1978 წლის 7 სექტემბერს, მარკოვი ჩვეულებრივ სამსახურში მიდიოდა. ვატერლოოს ხიდთან, ავტობუსის გაჩერებაზე მდგარს, უცხო მამაკაცმა ფეხში ქოლგა ჩაარტყა. უცხოური აქცენტით ბოდიში მოიხადა და ადგილიდან ტაქსით წავიდა. მარკოვი ადგილზევე ცუდად გახდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დისიდენტი მწერალი და ჟურნალისტი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ბრიტანული მედია თავიდანვე წერდა, რომ ჟურნალისტი მოკლეს. როგორც აღმოჩნდა, ქოლგის წვერში აბუსალათინისგან დამზადებული საწამლავის, რიცინის ბურთულა იყო მოთავსებული.
ცივი ომის დროს ამ შემთხვევაში საბჭოთა კვალის დანახვა მარტივი იყო. ვარაუდობდნენ, რომ ბულგარულმა სპეცსამსახურებმა, დისიდენტი ჟურნალისტის მოწმავლა, სუკის დახმარებით დაგეგმა და განახორციელა. მოგვიანებით კი ეს ვარაუდი დოკუმენტურად დადასტურდა.
ბულგარული არქივები, ჟურნალისტმა ჰრისტო ჰრისტოვმა შეისწავლა და მარკოვის მკვლელობასთან დაკავშირებულ ბულგარულ, ასევე რუსულ ენაზე წარმოებულ დოკუმენტებს მიაკვლია. დოკუმენტებს შორის იყო ხელშეკრულება სუკ-სა და ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის შესახებ. დოკუმენტს ხელს აწერენ, ბულგარეთის იმჟამინდელი შს მინისტრი, ანგელ კანევი და საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი, იური ანდროპოვი. სხვა დოკუმენტში, რომელიც „ხალხის მტრების“ ერთგვარი სიაა, გეორგი მარკოვი, იდენტიფიცირებულია, როგორც მტერი. იქ დეტალურად არის აღწერილი მისი საქმიანობა დასავლურ რადიოში. იმავე დოკუმენტებს შორის აღმოჩენილ სიაში, მარკოვის გვარის გასწვრივ წერია - „მოკლულია ინგლისში“.
„КГБ“ როგორც საწამლავების საწარმო
დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ საუკუნეზე მეტია, „КГБ“ კრემლისთვის მიუღებელი პირების ლიკვიდაციისთვის, სხვადასხვა ხერხით მოწამვლას იყენებს. დადასტურებულად ამის თქმის საშუალებას კი საბჭოთა სტრუქტურებში მომუშავე ყოფილი აგენტების, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისა და ბიუროკრატების მონათხრობები გვაძლევს. ასეთები დასავლეთში მრავლად არიან. მათ შორისაა კენ ალიბეკი. მიკრობიოლოგი, რომელიც აშშ-ში ემიგრაციაში 90-იანი წლებიდან იმყოფება. ალიბეკი, იგივე კანტაჯან ალიბეკოვი, საკუთარ წიგნში „ბიოლოგიური საფრთხე“ დეტალურად აღწერს როგორ მუშაობდა საბჭოთა უშიშროების სამსახური არასასრუველი პირების მოსაშორებლად სხვადასხვა იარაღის შექმნაზე. წიგნის გარკვეულ ნაწილში, ალიბეკი დეტალურად აღწერს სუკის ოფიცერთან, ვინმე ბუტუზოვთან საუბარს. ის იხსენებს, რომ ბუტუზოვი მასთან პროფესიული რჩევის მისაღებად მივიდა.
დიალოგიდან ირკვევა, რომ ის, რაზეც სუკის ოფიცერი საუბრობს, არა უბრალოდ ერთი არასასრუველი ადამიანის ლიკვიდაციაა, არამედ ბიოტერორიზმის ნიშნებსაც შეიცავს. დიალოგში, ერთ-ერთ სამიზნედ, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდიაა წარმოჩენილი.
ზვიად გამსახურდია, როგორც სამიზნე
ნაწყვეტი წიგნიდან „ბიოლოგიური საფრთხე“, ავტორი კენ ალიბეკი.
„1990 წლის გაზაფხულზე, ბუტუზოვი ჩემს კაბინეტში შემოვიდა და მაგიდის წინ დაჯდა.
- კენ, რაღაც საკითხთან დაკავშირებით, შენი დახმარება რჩევა მჭირდება.
- რა თქმა უნდა, პროფესიული თუ პერსონალური? - ვკითხე მე.
- პროფესიული. ვეძებ რაღაცას, რაც ჩემს მიერ შექმნილ მოწყობილობაზე იმუშავებს. ის პატარა ბატარეაა, დაახლოებით, ისეთი, როგორსაც საათისთვის იყენებ.
- განაგრძე, ვუთხარი მე, - ის ზუსტად ისეთივე ტონალობაში საუბრობდა, როგორც მაგალითად, ფეხბურთის მატჩის განხილვისას ვსაუბრობდით. ძალიან დავინტერესდი.
- ამრიგად, როცა ელემნტს დამუხტავ, ფირფიტა მაღალი სიხშირით ვიბრირებას დაიწყებს, ხომ მართალია?
- მართალია.
- ასე რომ, თუ ამ ფირფიტაზე იქნება მშრალი პუდრის ნაცხი, ვიბრირებისას იმოქმედებს ისე, როგორც აეროზოლი. დავუშვათ, ეს მოწყობილობა მომცრო ზომის ყუთში მოვათავსეთ, მაგალითად „მარლბოროს“ ცარიელ კოლფში და ვიპოვეთ გზა იმისთის, რომ კოლოფი ვინმეს მაგიდის ქვეშ დავდოთ, ან სამუშაო ოთახის ნაგვის ურნაში. თუ მის ამოქმედებას შევძლებთ, აეროზოლი თავის საქმეს გააკეთებს, ასე არ არის?
- ეს აგენტზეა დამოკიდებული, ვუთხარი მე.
- ამის კითხვა მინდოდა. თუ მიზანი სიკვდილია, საუკეთესო რა შეიძლება გამოიყენოს აგენტმა?
არ ვარ დარწმუნებული, რატომ შევყევი მსჯელობაში, მაგრამ ეს გავაკეთე.
- ტულარემიის მინიმალური რაოდენობა უნდა გამოიყენო, მაგრამ ეს გარდაუვალ სიკვდილს არ ნიშნავს, ვუთხარი მე.
- ვიცი, ჩვენ რაღაც ებოლას მსგავსზე ვფიქრობდით, - მითხრა ბუტუზოვმა.
- ეს იმუშავებს, მაგრამ ასე დიდი ალბათობა არსებობს იმის, რომ არა მხოლოდ სამიზნე მოკვდეს, არამედ ყველა მის ირგვლივ.
- ამას მნიშვნლეობა არ აქვს.
- „ვალერა,“ შეიძლება რაღაც გკითხო? ვკითხე მე.
- რა თქმა უნდა.
- ეს თეორიული დისკუსიაა, თუ გონებაში ვინმე კონკრეტული გყავს? - სახეზე ღიმილმა გადაჰკრა.
- კონკრეტულად არავინ. შესაძლოა იყოს ერთი ადამიანი, მაგალითად გამსახურდია, - მითხრა მან.
მაშინ მოსკოვში, საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შესახებ თითქმის ყველამ იცოდა. (ზვიად გამსახურდია პრეზიდენტად 1991 წელს აირჩიეს). ბევრი საბჭოთა ქვეყნის მსგავსად, საქართველო დამოუკიდებლობისკენ მიიწევდა. ცნობილი მწერლის ვაჟი, წინ უძღოდა რესპუბლიკის სახალხო მოძრაობას ადამიანის უფლებების დასაცავად და საჯაროდ სდებდა ბრალს მოსკოვს მისი ფიზიკური ლიკვიდაციის დაგეგმვაში. ის სძულდათ სამხედრო წრეებში, საბჭოთა არმიის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის გამო, მას შემდეგ, რაც 1989 წელს, საქართველოს დედაქალაქში მიმდინარე დემონსტრაციის 19 მონაწილე მოკლეს.
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მისმა ექსტრემალურმა ნაციონალიზმმა, ჰუმანიტარული იმპულსები დაჩრდილა. ბევრი აღნიშნავდა, რომ ის მენტალურად არასტაბილური გახდა.
ის არ იყო პოპულარული რუსეთში და მე არ მომწონდა ის. ბუტუზოვისთვის აღარაფერი მითქვამს და სხვა თემებზე საუბარი განვაგრძეთ.
ამის შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაში ძალიან დაკავებული პერიოდი იყო და ბუტუზოვს იშვიათად ვხვდებოდი. შემდეგ, ერთ-ერთ კვირა დღეს, ის ოჯახთან ერთად ჩემს „დაჩაზე“ მივიწვიე. ვიდრე მწვადები იწვებოდა და ბავშვები თამაშობდნენ, ჩუმად ვკითხე:
- რა მოხდა შენს იდეასთან დაკავშირებით, საათის ელემენტსა და გამსახურდიაზე? - მან გაიღიმა.
- სიმართლე რომ გითხრა, ეს იდეა არასდროს განხორციელებულა. ჩვენ გეგმა გვქონდა მომზადებული, მაგრამ საბოლოოდ, ბოსებმა ის შეაჩერეს. მათ თქვეს, რომ ამისთვის სწორი დრო არ იყო.“
1992 წლის დასაწყისში, თავისივე ყოფილმა მოკავშირეებმა და საბჭოთა კავშირის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც მოგვიანებით დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტი გახდა, გამსახურდია განდევნეს. ერთი წლის შემდეგ, 1993 წლის 31 დეკემბერს, მგზნებარე ყოფილი დისიდენტი , ძალაუფლების დაბრუნებისთვის ბრძოლის დროს, იდუმალ გარემოებებში გარდაიცვალა. განაცხადეს, რომ თავი მოიკლა, მაგრამ ზოგიერთი თვლიდა, რომ ის მოსკოვის აგენტებმა ან პოლიტიკურ მოწინააღმდეთაგან რომელიმემ მოკლა.“
ფინჯანი ჩაი, "ნოვიჩოკით"
დღემდე, ალექსეი ნავალნი კრემლისთვის არასასურველ პერსონათაგან უკანასკნელია, ვინც “რუსული ჩაი“ დააგემოვნა.
ოცი აგვისტოს დილას, რუსი ოპოზიციონერი ლიდერი, ტომსკიდან მოსკოვში მიემგზავრებოდა. გამგზავრებამდე, აეროპორტში მხოლოდ ჩაი მიირთვა. ტომსკიდან აფრენილი თვითმფრინავი, მოსკოვის ნაცვლად, ომსკში დაჯდა. ნავალნი ფრენისას ცუდად გახდა. პოლიტიკოსი ომსკის საავადმყოფოს ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში კომატოზური მდგომარეობით მოათავსეს. რუსი მედიკოსები, პაციენტის ორგანიზმში მოწამვლის ნიშნებს ვერ ხედავდნენ. ამობდნენ, რომ ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად გაუარესების მიზეზი, შესაძლოა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა ყოფილიყო.
რამდენიმე დღეში, ახლობლების დაჟინებული მოთხოვნით, ოპოზიციის ლიდერი სამკურნალოდ გერმანიაში, ბერლინის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. გერმანელ მედიკოსთა წინასწარი დასკვნიდანვე გაირკვა, რომ ნავალნი მოწამლული იყო. მოგვიანებით, მედიკოსთა საბოლოო დასკვნის შესახებ თავად გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი ლიდერი, „ნოვიჩოკით“ არის მოწამლული.
დასავლეთი რუსეთისგან პასუხებს ელის, კრემლიდან კი პასუხი ზუსტად იგივეა, როგორიც სხვა ნებისმიერი მსგავსი, ან თითქმის იდენტური შემთხვევის დროს - სრული უარყოფა და დასავლეთის დადანაშაულება პროვოკაციაში და მინიშნება იმაზე, რომ დასავლელი ლიდერების მსგავსმა ქმედებებმა, შესაძლოა რუსეთთან ურთიერთობები დაძაბოს.
მას შემდეგ, რაც საერთაშორისო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკით“ მოწამლეს, რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნივთიერების წარმოებაში საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები დაადანაშაულა. იური შვიტკინი აცხადებს, რომ „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერების დასამზადებელი ლაბორატორიები საქართველოსა და აშშ-ში მდებარეობს. შვიტკინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ამ ტიპის ქიმიურ ნივთიერებას არ აწარმოებს.
რუსი მაღალი რანგის დეპუტატის მტკიცება, სრულიად არადამაჯერებელია დაავლეთის პოლიტიკური და ანალიტიკური წრეებისთვის. „ეს არ არის მარტივად ხელმისაწვდომი ნივთიერება. მას მკაცრად აკონტროლებს და აწარმოებს მხოლოდ ერთი ქვეყანა - რუსეთის ფედერაცია“ - აცხადებს "ამერიკის ხმასთან" საუბრისას, „ჰენრი ჯექსონის საზოგადოების“ წარმომადგენელი, ანალიტიკოსი ენდრიუ ფოქსოლი.
ფოქსოლი ფიქრობს, როცა რუსეთი „ნოვიჩოკს“ იყენებს, მისი მიზანი მხოლოდ კონკრეტული ადამიანის ლიკვიდაცია არ არის. ამით, კრემლი როგორც ოპოზიციას, ასევე ცივილურ სამყაროს, კონკრეტულ შეტყობინებას უგზავნის. შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ეს გზავნილი ძალის დემონსტრირების საშუალებაა. „ნოვიჩოკის გამოყენება აშკარა რუსული ხელწერაა და ეს ერთგვარი გზავნილიც არის, არა მხოლოდ რუსული ოპოზიციისთვის, არამედ მთელი დასავლეთისთვის“ - აცხადებს ფოქსოლი.
ჩაი ფრენის წინ
ჩაი და თვითმფრინავი ფიგურირებს, კრემლისთვის მიუღებელი ცნობილი ჟურნალისტის მოწამვლის საქმეშიც.
2004 წელს, რუსი ჟურნალისტი, ანნა პოლიტკოვსკაია ბესლანის ტრაგედიის დროს, ჩრდილოეთ ოსეთში მიმგზავრებოდა. თვითმფრინავში ჩაის დალევის შემდეგ, პოლიტკოვსკაია ცუდად გახდა და ბესლანში ჩასვლა ვეღარ შეძლო. პოლიტკოვსკაია კომაში ჩავარდა. ცნობილი გახდა, რომ კრემლის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი, უცნობი ნითიერებით მოწამლეს. მაშინ ჟურნალისტი საწამვლავს გადაურჩა, თუმცა ვერ გადაურჩა ტყვიას, რომელიც 2006 წლის 7 ოქტომბერს, საკუთარი სახლის სადარბაზოში ესროლეს.
არსებობენ ადამიანები, რომლებიც კრემლის საწამლავს გადაურჩნენ. მათ შორისაა ჟურნალისტი და პოლიტიკური აქტივისტი, ვლადიმირ კარა-მურზა, რომელიც მოწამვლის შედეგად სიკვდილს ორჯერ გადაურჩა. ყოფილი ორმაგი აგენტი ვიქტორ სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სკრიპალი. გარდაცვლილთა და დაღუპულთა სია გრძელია, მოწამვლის ტექნიკა კი მრავალფეროვანი - ჩხვლეტა ქოლგით, კარის მოწამლული სახელური, მოწამლული წერილი, ტოქსიკური ყვავილი და ვიდრე იქნებოდა ჩაი „ნოვიჩოკით“, იყო ჩაი პოლონიუმით, რომელმაც ალექსანდერ ლიტვინენკო იმსხვერპლა.
Facebook Forum