სამხრეთ აფრიკა, ჩინეთი და რუსეთი ერთობლივ წვრთნებს გამართავენ 

ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა და რუსეთი ერთობლივი სამხედრო წვრთნებისთვის ემზადებიან. რუსული სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, წვრთნებში რუსული საბრძოლო ხომალდი „გორშკოვზე“ მიიღებს მონაწილეობას, რომელიც უახლესი თაობის ჰიპერბგერითი რაკეტებით არის აღჭურვილი. კრემლი განმარტავს, რომ რაკეტები ბგერის სიჩქარეს 9-ჯერ აჭარბებს და მისი რადიუსი 1000 კილომეტრია.

ადმირალ გორშკოვის სახელობის გემი, „ტასის“ ინფორმაციით, სირიაში, ტარტუსში გაემგზავრება შემდეგ კი ჩაერთვება საზღვაო წვრთნებში ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის ფლოტთან ერთად“.

ასევე ნახეთ: "ბერლინი მოკავშირეების სურვილს წინ არ აღუდგება", - გერმანია უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე

სამხრეთ აფრიკის ეროვნული თავდაცვის ძალებმა გასულ კვირაში გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ერთობლივი წვრთნები მიზნად ისახავს გაძლიერდეს ურთიერთობები სამ ქვეყანას, სამხრეთ აფრიკას, რუსეთს და ჩინეთს შორის.

წვრთნები არსებული ინფორმაციით 17 თებერვალს დაიწყება და 27 თებერვლამდე გაგრძელდება. ეს იქნება რიგით მეორე ერთობლივი წვრთნები სამი ქვეყნის ჩართულობით 2019 წლის შემდეგ.

აღსანიშნავია რომ რუსულმა გემმა „გორშკოვმა“ წვრთნებში მონაწილეობა იანვარში ნორვეგიის ზღვაში უკვე მიიღო. მოგვიანებით პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, გემი ატლანტის ოკეანეში გაიგზავნა, დასავლეთისთვის სიგნალის გასაგზავნად, რომ რუსეთი უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე უკან დახევას არ აპირებს.