აშშ-ის თავდაცვის უწყების ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთი ცდილობს უკრაინასთან საბრძოლველად მეტი ჯარისკაცები მოძებნოს. ბევრი უფროსი ასაკისაა, ცუდ ფიზიკურ ფორმაშია და მცირე წვრთნას იღებს. კრემლი სამხედრო რეკრუტირებისთვის ხშირად ციხეებს მიმართავს.
ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაში ჯარისკაცების მნიშვნელოვანი რაოდენობა დაკარგა. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 25 აგვისტოს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც 2023 წლის იანვრიდან შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის 10 პროცენტით, 1.15 მილიონამდე გაზრდას ითვალისწინებს, თუმცა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ პენტაგონს სჯერა, ახალი რეკრუტების მნიშვნელოვანი რაოდენობის მოზიდვის მცდელობა „ნაკლებ სავარაუდოა წარმატებული იყოს, რადგან ისტორიულად რუსეთს პირადი შემადგენლობის და ძალის გაზრდის მიზნებისთვის არ მიუღწევია“.
ასევე ნახეთ: რუსეთი „იწყებს მარცხს“ ომში,“- ნაიჯელ დეივისიმიმდინარე თვის დასაწყისში, აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე კოლინ კალმა წარმოადგინა შეფასება, რომლის მიხედვითაც, 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან, 70 000-80 000 რუსი მოკლეს ან დაჭრეს.
პარალელურად, რუსეთის მეტნაკლებად თანამედროვე იარაღის მარაგიც იწურება. სამხედრო წარმოება ვერ ახერხებს საკმარისი რაოდენობით იარაღის და საბრძოლო მასალის გამოშვებას ან დაზიანებული აღჭურვილობის ტექნიკურ მომსახურებას.
ივლისში, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა ჟურნალისტებს გააცნო აშშ-ის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ირანი რუსეთისთვის რამდენიმე ასეული დრონის მიწოდებისთვის ემზადებოდა და რუს ჯარისკაცებს შესაბამის წვრთნებს უტარებდა. ამერიკელი ოფიციალური პირის თანახმად, რომელიც ანონიმურობას ინარჩუნებს, ამ თვეში, რამდენიმე დღის განმავლობაში, რუსეთმა თეირანისგან „მოჰაჯირ-6“ და „შაჰიდ“ სერიის დრონები მიიღო, თუმცა ირანული დრონების გამოყენებას „მრავალი ჩავარდნა“ ახლდა თან.
რუსეთი ირანული დრონების გამოყენებას ხმელეთზე დარტყმებისთვის, ელექტრონული ბრძოლისთვის და სამიზნეების აღმოსაჩენად გეგმავს.