რუსული "იანდექსი" ამბობს, რომ მათ სერვერებზე მასშტაბური კიბერთავდასხმა მოხდა

რუსული ტექნოლოგიური კომპანია „იანდექსი“ ირწმუნება, რომ მათი კომპანიის სერვერებზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კიბერთავდასხმა მოხდა. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ თავდასხმა მათ სერვერებზე აგვისტოში დაიწყო და პიკს 5 სექტემბერს მიაღწია.

იანდექსის წარმომადგენლები იმასაც ამბობენ, რომ მათ კიბერთავდასხმის მოგერიება შეძლეს.

„ჩვენმა ექსპერტებმა მოახერხეს რეკორდულად დიდი თავდასხმის მოგერიება (22 მილიონი მოთხოვნა წამში)“ - წერია გავრცელებულ განცხადებაში. კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ თავდამსხმელების სამიზნე მხოლოდ ისინი არ ყოფილან, მათი განმარტებით თავდასხმა მსოფლიოს სხვა კომპანიებზეც მოხდა.

ასევე ნახეთ: რუსი ჰაკერების ომი ამერიკის წინააღმდეგ

„თავდასხმები რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს და მათი მასშტაბი უპრეცედენტოა. მათი წყარო არის ახალი ბოტნეტი, რომლის შესახებ ცოტა ინფორმაცია გვაქვს,“ - ამბობენ იანდექსის წარმომადგენლები.

აგვისტოში თავდასხმა მოხდა ამერიკულ კომპანია „ქლაუდფლერ“-ზე, კომპანიაზე რომელიც თავის მხრივ მსოფლიო მასშტაბით ათასობით ორგანიზაციასა და მცირე ბიზნესს ემსახურება. მაშინ კომპანია ამბობდა, რომ მათ სერვერებზე წამში 17 მილიონი მოთხოვნა ფიქსირდებოდა. „ქლაუდფლრ“-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ რეალურად მათზე თავდასხმა გაცილებით ძლიერი იყო.