უკრაინელი ოფიციალური პირები, მორიგი მსხვერპლის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას. ამ ცნობების თანახმად, რუსების მხრიდან დაბომბვის შედეგად, ხარკივის აღმოსავლეთ ნაწილში, სამი სამოქალაქო პირი დაიღუპა.
ხარკივი უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქია და რუსეთის საზღვართან ახლოს მდებაროებს. ქალაქისა და მისი შემოგარენისთვის ბრძოლა რუსებმა ომის პირველივე დღეებიდან დაიწყეს. ხარკივის რეგიონის მიმართულებით საჰაერო იერიში პერიოდულად განსაკუთრებით აქტიურდება.
ასევე ნახეთ: ლავროვი: "დასავლეთი არ იცავს ვალდებულებას, ხელი შეუწყოს რუსეთის სურსათის ექსპორტს"გუბერნატორ ოლეჰ სინეჰუბოვის თქმით, გარდაცვლილებს შორისაა 73 წლის ქალი, რომელიც დაბომბვის დროს სახლში იყო. სახლი მთლიანად დანგრეულია. მისივე ინფორმაციით, დანარჩენი ორი გარდაცვლილი სოფელ ზოლოჩივში მცხოვრები მამაკაცები არიან.
საჰაერო განგაში სამშაბათს მთელი უკრაინის მასშტაბით ისმოდა. ოფიციალური ინფორმაციით, ხარკივის გარდა, აფეთქებები იყო დნიპროპეტროვსკის რეგიონშიც, სადაც ბომბი საწვავის ავზს მოხვდა.
რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომი, უკვე 6 თვეზე მეტია გრძელდება. ბოლო კვირებში უკრაინა ქვეყნის სამხრეთში კონტრშეტევაზე გადავიდა. შეტევის შესახებ დეტალები უცნობია, თუმცა ოფიციალური პირები ამბობენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხა რუსული ჯარის მომარაგების ჯაჭვში სერიოზული შეფერხებების შექმნა და დაცვის პირველი ხაზების გარღვევა.