უკრაინის აღმოსავლეთ ქალაქებში ბრძოლები გრძელდება. ცოტა ხნის წინ პრორუსმა სეპარატისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მათ უკრაინული ქალაქი ლიმანი აიღეს. ქალაქი ბოლო კვირების განმავლობაში რუსული ჯარის ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს წარმოადგენდა.
რადგან ლიმანი ერთგვარი სარკინიგზო ჰაბია აღმოსავლეთ უკრაინაში, ის რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია.
კიევი ამბობს, რომ რუსული ჯარი სრული მობილიზებით და სასტიკი ქმედებებით უტევს უკრაინულ ქალაქებს, ბომბავს საცხოვრებელ სახლებს, რაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლს ზრდის.
ასევე ნახეთ: რუსეთი ცდილობს ქალაქი ლისაჩანსკი და სევეროდონეცკი აიღოსრუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში უკვე 3 თვეზე მეტია გრძელდება. ამ ხნის მანძილზე მოსკოვმა სტრატეგია რამდენჯერმე შეცვალა. მას შემდეგ რაც რუსულმა ჯარმა ვერ აიღო კიევი და ხარკივი, მოსკოვმა 3 თვის თავზე სრულიად განადგურებული ქალაქი მარიუპოლის დაპყრობა შეძლო და ახლა მთელი ძალებით უტევს აღმოსავლეთით მდებარე სხვა ქალაქებს.
ოლექსი არესტოვიჩი, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ამბობს, რომ მოსკოვი აუმჯობესებს საკუთარ ტაქიკას.
„გავრცელებული ინფორმაციით ჩვენ დავკარგეთ ქალაქი ლიმანი,“- ამბობს ვიდეოში არესტოვიჩი და ამატებს, რომ თავდასხმა კარგად ორგანიზებული იყო. „ეს აჩვენებს, რომ (რუსეთი) აუმჯობესებს საკუთარ ოპერატიულ მართვას და ტაქტიკურ შესაძლებლობებს,“- თქვა არესტოვიჩმა.