საფრანგეთში რუსი ოლიგარქი ფულის გათეთრების გამოძიების ფარგლებში დააკავეს

სამშაბათს საფრანგეთის ფინანსურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ საფრანგეთში რუსი ოლიგარქი ალექსეი კუზმიჩოვი გადასახადებისგან თავის არიდების, ფულის გათეთრების და საერთაშორისო სანქციების დარღვევასთან დაკავშირებით დასაკითხად დააკავა.

ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ორშაბათს, გამოძიების ფარგლებში, კუზმიჩოვის პარიზის სახლში და ხმელთაშუა ზღვის ვარის რეგიონში ჩხრეკები ჩატარდა. ამით მან ფრანგული ყოვოლდღიური გამოცემა „ლე მონდის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია დაადასტურა.

ასევე ნახეთ: ვის დარჩება "ამადეა" - აშშ რუსი ოლიგარქის სუპერიახტის კონფისკაციას გეგმავს

კუზმიჩოვი სამშაბათს ჯერ კიდევ დაკავებული იყო, თუმცა საქმეზე ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ.

კრემლის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთს შეეძლება კუზმიჩოვის უფლებების დაცვა, როგორც კი პარიზი მის საქმეზე დეტალურ ინფორმაციას წარმოადგენს.

„როგორც მესმის, ის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა და მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია ჩვენი დიპლომატიური მისიის მეშვეობით უნდა მივიღოთ. ინფორმაციის მიღებისთანავე, და თუ დაკავებულის სურვილი იქნება, რა თქმა უნდა მისი, როგორც რუსეთის მოქალაქის უფლებების დაცვაში დავეხმარებით“, უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს.

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მისი კავშირის გამო, ევროკავშირის სანქციების ფარგლებში, გასულ თვეში საფრანგეთის საბაჟოს აგენტებმა ოლიგარქის 27 მეტრიანი იახტა “La Petite Ourse” დააპატიმრეს. ამ ნაბიჯმა გამოიწვია იურიდიული ბრძოლა ხელისუფლებასა და კუზმიჩოვს შორის, რომელიც რუსული „ალფა ბანკის“ ერთ-ერთი მთავარი აქციონერია.