ირანი რუსებს დრონების მართვაში წვრთნის

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი (მარცხნივ) და ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი (მარჯვნივ). თეირანი, ირანი. 2022 წლის 19 მაისი.

რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებს ირანში დრონების მართვაში წვრთნიან. ეს ორ ქვეყანას შორის დადებული ხელშეკრულების ნაწილია, რომლის თანახმადაც, ირანმა რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატები უნდა გადასცეს.

ასევე ნახეთ: პუტინის ირანში ვიზიტის მიზნები

საუბარია ასობით დრონზე, რომელთა გამოყენება სამხედრო მიზნებითაც შეიძლება, მაგალითად - უკრაინაში იერიშების მისატანად. ინფორმაცია ხუთშაბათს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც დაადასტურა.

როცა გასულ თვეში ვაშინგტონმა განაცხადა, რომ მათი ინფორმაციით, ირანი რუსეთისთვის ასობით სამხედრო დრონის გადასაცემად ემზადებოდა, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ცნობა უარყო.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ვედანტ პატელი ამბობს, რომ ვაშინგტონი აუცილებლად "თანმიმდევრულად აღასრულებს" სანქციებს როგორც რუსეთის, ისე ირანის მიმართ, რომლებიც იარაღით ვაჭრობას ეხება. პატელმა დაადასტურა, რომ ირანში "ბოლო რამდენიმე კვირაა", რუსი ოფიციალური პირები უპილოტო საფრენი აპარატების ოპერირებაში იწვრთნებიან.