ორშაბათს, რუსეთმა უკრაინაზე მორიგი საჰაერო შეტევა განახორციელა. სარაკეტო თავდასხმა რამდენიმე ქალაქზე ერთდროულად მიმდინარეობდა. შედეგად, მოკლულია 29 ადამიანი. მძიმე სიტუაციაა კიევშიც, სადაც რუსეთმა საბავშვო საავადმყოფო დაბომბა. უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, ეს ბოლო თვეების განმავლობაში, ყველაზე სისხლიანი თავდასხმა იყო.
ასევე ნახეთ: უკრაინა - ნატოს საიუბილეო სამიტის კვლავ მთავარი თემა იქნებასაავადმყოფოს ნანგრევებისგან გასაწმენდად ასობით ადამიანი მივიდა ქალაქის ცენტრში. გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოს ნანგრევებში, შესაძლოა, პაციენტებიც იყვნენ მოყოლილები.
"საშინელება იყო. ვერ ვსუნთქავდი, ვცდილობდი [ჩემს შვილს] გადავფარებოდი. ვცდილობდი ქსოვილით დამეფარა, რომ სუნთქვა შეძლებოდა", - უთხრა საინფორმაციო სააგენტო "როიტერს" 33 წლის სვიტლანა კრავჩენკომ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთმა 40-ზე მეტი რაკეტა გაუშვა უკრაინის მიმართულებით, რამაც დააზიანა საცხოვრებელი და კომერციული შენობები, ინფრასტრუქტურა კიევში, ასევე მის მშობლიურ ქალაქ კრივი რიჰში, ცენტრალურ ქალაქ დნიპროსა და აღმოსავლეთის ორ ქალაქში.
კიევზე თავდასხმების შედეგად, 10 ადამიანი დაიღუპა და 35 დაიჭრა. დაახლოებით ორი საათის შემდეგ, კიდევ ერთი სარაკეტო თავდასხმით გამოწვეული ნამსხვრევები მოხვდა კიევის კიდევ ერთ საავადმყოფოს, რის შედეგადაც დაიღუპა 4 და დაშავდა 3 ადამიანი.
სასწრაფო დახმარების სამსახურმა განაცხადა, რომ კრივი რიჰში 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა. 3 ადამიანი დაიღუპა აღმოსავლეთით ქალაქ პოკროვსკში, სადაც რაკეტებმა სამრეწველო ობიექტს დაარტყეს, განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა. ოფიციალური პირების თქმით, 1 ადამიანი დაიღუპა ქალაქ დნიპროშიც.
"მთელმა მსოფლიომ უნდა იმოქმედოს რაც შეიძლება გადამწყვეტად, რათა ბოლო მოეღოს რუსეთის საჰაერო თავდასხმებს. მკვლელობა - ეს არის ის, რაც პუტინს მოაქვს. მხოლოდ ერთად შეგვიძლია მივაღწიოთ ნამდვილ მშვიდობასა და უსაფრთხოებას", - დაწერა ზელენსკიმ "ტელეგრამზე".
ასევე ნახეთ: უკრაინამ გერმანიისგან "პატრიოტის" საჰაერო თავდაცვის მესამე სისტემა მიიღო