მეორე არმიიდან მსოფლიოში, მეორე არმიამდე უკრაინაში - უკრაინაში რუსული არმიის სუსტმა პროგრესმა, მოსკოვის სამხედრო ძალის აღქმა შეარყია.
„ჯარის რეალურ ძალას იქამდე ვერ აფასებ, სანამ მოქმედებაში არ ნახავ“, - ამბობს გარი შმიტი, "ამერიკის წამოწყებათა ინსტიტუტის" უფროსი მკვლევარი და დასძენს, რომ რუსულ ჯარზე დასავლეთში არსებული გადაჭარბებული წარმოდგენები, მოსკოვის მიერ, ამ მიმართულებით დახარჯული რესურსის ანალიზს ეყრდნობოდა.
ჯარის რეალურ ძალას იქამდე ვერ აფასებ სანამ მოქმედებაში არ ნახავ.გარი შმიტი
"აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები", შმიტის თქმით, "იმ რესურს და თანხებს უყურებდნენ, რომლებსაც კრემლი რუსულ ჯარზე ხარჯავდა და მას ამ მონაცემების მიხედვით აფასებდნენ“.
წარმოდგენები რუსეთის სიძლიერეზე, კიდევ უფრო გაამყარა 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის სწრაფმა, გასროლის გარეშე, ანექსიამ. თუმცა, 8 წლის შემდეგ, რუსული არმიის არაეფექტურობა მსოფლიომ ნათლად იხილა.
ასევე ნახეთ: აგვისტოს ომი 15 წლის გადასახედიდან
კრემლი, რომელიც კიევის აღებას სამ დღეში გეგმავდა, უკვე 18 თვეა უკრაინაში მნიშვნელოვანი წარმატების გარეშე იბრძვის. მოსკოვს მოუწია უკან დაეხია კიევიდან, ხარკივიდან და ხერსონიდან. წარუმატებლობის მიზეზებს შორის, გარდა იმისა, რომ კრემლმა არასწორად გათვალა უკრაინელთა მზაობა, დაეცვათ საკუთარი ქვეყანა, მიმომხილველთა შეფასებით, მოკლევადიან კამპანიაზე გათვლილი შეჭრა და ჯარის პოლიტიკური მიზნებზე დაქვემდებარებაა. როცა ომის სამ დღეში მოგებას გეგმავ და ლოგისტიკა ამაზეა გათვლილი, კურსის შეცვლა ბრძოლის პირობებში რთულია, ამბობენ ექსპერტები. თუმცა, განმარტავენ, რომ რუსეთი შეცდომებზე სწავლობს.
„ბრძოლის ველზე მეტ ეფექტურობას ვხედავთ, ვიდრე ადრე. რა თქმა უნდა, ისინი დღეს განსხვავებულ მდგომარეობაში არიან, ვიდრე წელიწადნახევრის წინ. მაშინ შეტევაზე იყვნენ, ახლა კი თავდაცვაში. შეტევა ყოველთვის ბევრად უფრო რთულია, ვიდრე თავდაცვითი ოპერაცია. მათ, სამწუხაროდ, დიდი დრო ჰქონდათ სანგრების გასამაგრებლად, ველების დანაღვმისთვის და 18 თვის გამოცდილების გასათვალისწინებლად“, - ამბობს იან ბრჟეზინსკი, „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი.
ისინი ვერ ახერხებენ კომბინირებული კამპანიის წარმოებას, რასაც ჩვენ ვვარაუდობდით.გარი შმიტი
საბჭოთა არმიის 5 მილიონიან შემადგენლობასთან განსხვავებით, რუსეთის ჯარში 1 მილიონი ჯარისკაცია. უკრაინაში განცდილი დანაკარგების გამო, მობილიზაციის მიუხედავად, ჯარის დიდ ნაწილს, საბრძოლო მზაობა არ აქვს. ომის დასაწყისში, რუსეთმა საუკეთესო დანაყოფები დაკარგა.
დამოუკიდებელი მედიის ანალიზის მიხედვით, უკრაინაში 47,000 რუსი სამხედრო დაიღუპა. პენტაგონის თებერვლის მონაცემებით, უკრაინაში, დაახლოებით, 200,000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაშავდა. 6 თვის თავზე ეს მონაცემი, სავარაუდოდ, გაიზარდა, რაც ჯამში უკრაინაში თავდაპირველად გაგზავნილ ჯარისკაცთა რაოდენობას, დაახლოებით 150,000-ს აღემატება.
Your browser doesn’t support HTML5
„ისინი ვერ ახერხებენ კომბინირებული კამპანიის წარმოებას, რასაც ჩვენ ვვარაუდობდით“, - ამბობს შმიტი და აცხადებს, რომ „კომბინირებული ოპერაციების შესაძლებლობების გარეშე, ამის განსახორციელებლად საჭირო ლოგისტიკის გარეშე და საჰაერო ძალების ერთგვარი კომბინირებული გამოყენების გარეშე, სიძლიერე უბრალოდ არ არსებობს“.
2008 წლის აგვისტოს ომში, რუსეთის არმიაში გამოვლენილი დისციპლინის, სარდლობის და სტრუქტურის ხარვეზების შემდეგ, კრემლმა ამბიციური სამხედრო რეფორმები წამოიწყო.
„ჩვენ ყველას გვახსოვს მთვრალი რუსი ჯარისკაცები საქართველოში, ფრონტზე“, - იხსენებს ბრჟეზინსკი. „ამ საშინელი პერფორმანსის შემდეგ, პუტინმა პირობა დადო, რომ ვითარება შეიცვლებოდა და 10-15 წლიანი მოდერნიზაციის გეგმა შეიმუშავეს, ახალი შეიარაღების ინკორპორაციის და პროფესიონალიზმის გაზრდის იმედით“, - ამბობს ის.
ჩვენ ყველას გვახსოვს მთვრალი რუსი ჯარისკაცები, საქართველოში, ფრონტზე.იან ბრჟეზინსკი
მოსკოვმა საკუთარი ძალის უფრო მოდერნიზებულ, მცირე, საკონტრაქტო ჯარზე გადასვლა და დასავლურ ყაიდაზე ბატალიონ-ტაქტიკურ ჯგუფებად რეორგანიზების გეგმის განხორციელება დაიწყო. თუმცა, აქვე, კომპრომისზე წავიდა უფრო მეტი დანაყოფის შექმნისთვის, პერსონალის ფასად. ექსპერტების ვარაუდით, სამხედრო სარდლობა, მის შესაძლებლობებს, პოლიტიკურ ლიდერებთან გადაჭარბებით წარმოადგენდა.
რეფორმები, როგორც ამას უკრაინის ომიც ადასტურებს, წარუმატებელი აღმოჩნდა. ზოგიერთ შემთხვევაში, დანაყოფები ერთადაც კი არ იწვრთნებოდნენ, არ იცოდნენ როგორ უნდა წარემართად ერთობლივი ოპერაციები და არ არსებობდა გეგმა, როგორ შეევსოთ მათ რიგებში, ბრძოლის ველზე განცდილი დანაკარგები.
„სტრუქტურის კუთხით ბევრი ცვლილება გატარდა, მაგალითად, სამხედროების რაოდენობის შემცირებით, რათა არმია უფრო ელიტური და შესაბამისად, უფრო პროფესიონალი გამხდარიყო“, - ამბობს შმიტი და სისტემურ კორუფციაზე მიუთითებს. „ეს ყველაფერი ეყრდნობოდა იმ დაშვებას, რომ რეალურად ფული დაიხარჯებოდა იმაში, რაც აუცილებელია ამ შესაძლებლობების მისაღწევად. აღმოჩნდა, რომ უზარმაზარ კორუფციას ქონდა ადგილი და ფული რჩებოდა გენერლების და კონტრაქტორების ჯიბეებში“, - ამბობს შმიტი.
ასევე ნახეთ: კიევი აცხადებს, რომ ფრონტზე გარკვეული წარმატება აქვსამ შეხედულებას იზიარებს ატლანტიკური საბჭოს უფროსი მკვლევარი იან ბრჟეზინსკიც და ამბობს, რომ „კორუფციამ ხელი შეუშალა ჭეშმარიტად პროფესიონალი, კარგად გაწვრთნილი, მოწესრიგებული ოფიცერთა კორპუსის განვითარებას“.
თუმცა, კორუფცია რუსული ჯარის მხოლოდ პრობლემის ერთი მხარეა. ჩავარდნების მიზეზი წარსული გამოცდილებაც იყო. მოსკოვი წინა ომებში სწრაფ, მაღალი ინტენსივობის საარტილერიო კამპანიას ეყრდნობოდა, სუსტი მოწინააღმდეგის პირისპირ, იქნებოდა ეს ჩეჩნეთის, საქართველოს თუ სირიის ომები, სადაც არ იყო საჭირო გრძელვადიანად საოკუპაციო ძალები, ხანგრძლივი ომის საწარმოებლად.
რუსეთი ახლა ცოცხალი ძალის პრობლემის წინაშე დგას. თუმცა, მხოლოდ დამატებითი სამხედროები რუსეთის თავსატეხს ვერ გადაჭრის.
რუსული ჯარის უფრო ფართო, სარდლობის გაუმართაობის, ლოგისტიკური მომარაგების ჯაჭვის, ტექნიკის მოძველების და მორალის ნაკლებობის გამოწვევების წინაშეა, რაც ართულებს გრძელვადიანი კამპანიის წარმოებას.
თუ ფიქრობთ, რომ რუსეთი აქ დამთავრდა, ცდებით.ფილიპ ბრიდლავი
თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ გასული წლის ბოლოს განაცხადა, რომ შეიარაღებულ ძალებში, „მნიშვნელოვან ცვლილებებს“ გეგმავს. ეს განცხადება უკრაინის ფრონტზე არსებული გამოწვევების აღიარებაა, თუმცა ამის მიუხედავად, რუსეთი კვლავ ანგარიშგასაწევ სამხედრო ძალად რჩება.
ასევე ნახეთ: კიევის ბრძოლა: როგორ დაამარცხა უკრაინამ რუსეთი„თუ ფიქრობთ, რომ რუსეთი აქ დამთავრდა, ცდებით. მას ბევრი შესაძლებლობა და უნარი ჯერ კიდევ აქვს", - ამბობს ფილიპ ბრიდლავი, აშშ-ის ევროპის ძალების ყოფილი სარდალი. თუმცა აღნიშნავს, რომ ეს რუსეთს ლიდერს მაღალი ფასი და ისეთ არაპოპულარულ ნაბიჯებად დაუჯდება, როგორიც გაწვევაა. „ახლა ბატონი პუტინი წუხს როგორც ქვეყნის შიდა, ისე გარე უსაფრთხოებაზე. ეს აჩვენა პრიგოჟინის და "ვაგნერის" ამბავმა. ასე რომ, მართალია, ბატონ პუტინს საბრძოლო მასალა კიდევ დარჩა, მაგრამ მას ფრთხილი მოქმედება მოუწევს“, - ამბობს ის.
დამკვირვებლების შეფასებით, მოსკოვს რჩება საჰაერო, საზღვაო და სხვა სამხედრო რესურსი იმისთვის, რომ უკრაინის ფრონტზე ბრძოლა გააგრძელოს. ამიტომ, ისინი ვაშინგტონსა და მოკავშირეებს მოუწოდებენ, კიევს ერთობლივი სამხედრო ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო შეიარაღება მიაწოდონ, როგორიცაა მოიერიშე თვითმფრინავები და მეტი სარაკეტო სისტემები, - კონტრშეტევის წარმატების უზრუნველსაყოფად.