უკრაინის დედაქალაქი დილის 4:15 წუთზე აფეთქებებმა გააღვიძა. რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო. ის უკრაინაში 10 სხვადასხვა მიმართულებიდან შეიჭრა.
მიუხედავად რამდენიმეთვიანი გაფრთხილებებისა შეერთებული შტატების მხრიდან, რომ მოსკოვი უკრაინაში შეჭრას გეგმავდა, კიევში ეს ცოტას თუ სჯეროდა.
თუმცა, 24 თებერვლის დილას, რუსეთის მიზნები ყველასთვის ნათელი გახდა. მოსკოვის გეგმა უკრაინის დედაქალაქის სამ დღეში აღება, უკრაინის პრეზიდენტის ჩამოგდება და იქ მარიონეტული მთავრობის დანიშვნა იყო. ზოგიერთ შემთხვევაში, რუს ჯარისკაცებს, სხვადასხვა წყაროებით, სააღლუმო უნიფორმებიც კი დაურიგეს, "ხრეშატიკის" ქუჩაზე გამარჯვების საზეიმოდ.
ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, მოსკოვი ფიქრობდა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ზეწოლის ქვეშ ქვეყანას დატოვებდა, ხოლო უკრაინელები რუს ჯარისკაცებს ხელგაშლილი დახვდებოდნენ. იმაზე, რომ კიევი იოლი სამიზნე იყო, ხშირად საუბრობდნენ კრემლის პროპაგანდისტები. თუმცა, გეგმები მალევე შეიცვალა.
საუკუნის მარცხი - ასე აფასებენ კიევთან რუსეთის წარუმატებლობას. რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო თვალსაზრისით უდიდესი უპირატესობა ჰქონდა. მიუხედავად ამისა, კიევმა ბრძოლაში გაიმარჯვა. რამ ითამაშა გადამწყვეტი როლი კიევისთვის ბროლაში?
მთავარი სამიზნე
მოსკოვმა 24 თებერვალს, დილით, უკრაინის დედაქალაქის, სამხედრო ბაზების, ინფრასტრუქტურის მასობრივი დაბომბვა დაიწყო. რუსეთის მიზანი საკუთარი ძალის სწრაფი დემონსტრირება და უკრაინის დანებების უზრუნველყოფა იყო.
თუმცა, უკრაინის არმია ამბობს, რომ ის ყველა სცენარისთვის ემზადებოდა, და მათ შეიარაღება და პერსონალი სავარაუდო სამიზნეებიდან გადაააადგილეს. რუსეთმა ვერ მოახერხა, უკრაინის საჰაერო სივრცეში დომინირება, უკრაინული შეიარაღების განადგურება და კიევმა გააგრძელა წინააღმდეგობის გაწევა.
„უკრაინელი სამხედროები მზად იყვნენ თავის დასაცავად და თავდაპირველი შეტევების მიუხედავად, ძალზე ეფექტური დაცვის ხაზი ააგეს“, - ამბობს ჯორჯ ბაროსი, ომის კვლევების ინსტიტუტიდან.
უკრაინელი სამხედროები მზად იყვნენ თავის დასაცავად და თავდაპირველი შეტევების მიუხედავად, ძალზე ეფექტური დაცვის ხაზი ააგეს.ჯორჯ ბაროსი
საჰაერო იერიშს, კიევზე სამი მიმართულებიდან ჩერნობილის, ჩერნიჰივის და სუმიდან, სახმელეთო იერიში მოჰყვა, ტანკების და ჯავშანტექნიკის გრძელი კოლონებით. რუს ჯარისკაცებს, რომელთა უმეტესობასაც ეგონა, რომ ბელარუსში მხოლოდ წვრთნებისთვის იმყოფებოდნენ, უბრძანეს კიევის მიმართულებით კოლონას მიჰყოლოდნენ.
“ძალები, რომლებიც კიევს ემუქრებოდნენ, რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში განთავსებული ჯარია. აღმოსავლეთ სამხედრო რაიონი ყველაზე ნაკლებად მომზადებულია მთელ რუსულ არმიაში”, - ამბობს ბაროსი. “მათ გადაწყვიტეს ყველაზე დაბალი მზაობის ჯარები გაეგზავნათ ყველაზე რთული მისიის შესასრულებლად“, - განმარტავს ის.
ომის საწყის ეტაპზე, მოსკოვი ეცადა უკრაინის კომუნიკაციის ჩახშობას, თუმცა უკრაინული ჯარების დასავლური რეფორმის შედეგად, მისმა დეცენტრალიზაციამ და "სტარლინკის" სერვისის მიწოდებამ, უკრაინულ მხარეს საშუალება მისცა მოქნილად ემოქმედა.
Მოხალისეების არმია
კიევის დასავლეთიდან, ჩრდილო-დასავლეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან დაახლოებით 50,000 რუსი სამხედრო ემუქრებოდა. უკრაინის მხარეზე კი კიევს ერთი, 72-ე მექანიზებული ბრიგადა იცავდა, ეროვნული გვარდიის, სახელდახელოდ შექმნილი „ტერიტორიული თავდაცვის“ მოხალისეების და ცალკეული ელიტური დანაყოფების ელემენტებთან ერთად.
რუსეთის ქვეყანაში შეჭრამდე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, „ტერიტორიული თავდაცვის“ ძალები აამოქმედეს, რომელიც ძირითადად ვეტერანებისგან და მოხალისეებისგან შედგება. ამასთან, კიევის მისადგომებთან რუსეთის გამოჩენისთანავე, უკრაინის ხელისუფლებამ, მოქალაქეებს ვისაც სურდათ ქალაქის დაცვა, 18,000-მდე ერთეული იარაღი დაურიგა. მარტისთვის დანაყოფში მოხალისედ 100,000-ზე მეტი ადამიანი გაწევრიანდა.
„არ მინდოდა ჩემს შვილს გაეგო, რა არის ომი, რა არის ნგრევა, რა არის აფეთქებები და ჭურვები, სწორედ ამიტომ წავედი მოხალისედ“, - განუცხადა ერთ-ერთმა მოხალისემ, რომელიც კიევს იცავდა, „ამერიკის ხმას“.
მალევე, ეს ძალები, მოქმედ სამხედრო დანაყოფებთან ერთად, დედაქალაქს იცავდნენ.
„ჩემი ბებია და ბაბუა გააციმბირეს 10 წელი, პატარა რომ ვიყავი, ბებია სულ მეუბნებოდა, რომ არ უყვარს ოკუპანტი და ალბათ მან მაჩუქა ეს სიყვარული უკრაინისადმი და სიძულვილი რუსი ოკუპანტის მიმართ“, - ამბობს „ტერიტორიული ძალების“ კიდევ ერთი ჯარისკაცი.
Ნადირობა პრეზიდენტზე
იმ ფონზე, როცა უკრაინელები იარაღს იღებდნენ, ომის პირველ დღეებში, ვრცელდებოდა ცნობები, რომ ზელენსკიმ კიევი დატოვა. ამ ინფორმაციის გასაქარწყლებლად, უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეო ჩაწერა.
„საღამო მშვიდობისა ყველას. ფრაქციის ლიდერი აქ არის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი აქ არის, პრემიერ მინისტრი შმიგალი აქ არის, პოდოლიაკი აქ არის, პრეზიდენტი აქ არის. ჩვენ ყველანი აქ ვართ”, - თქვა მან ცნობილ ვიდეოში.
თავად კიევში, უკრაინული დაზვერვის წყაროების ინფორმაციით, რამდენიმე ბრძოლა გაიმართა დივერსანტებსა და სპეციალურ დანაყოფებს შორის, რომელთაც უკრაინის თქმით, პრეზიდენტ ზელენსკის მოკვლის დავალება ჰქონდათ. თუმცა, უკრაინულმა მხარემ მათგან მომავალი საფრთხე გაანეიტრალა.
გეგმა დედაქალაქის დასაცავად
კიევის დაცვაზე პასუხისმგებელი, უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ოლექსანდრ სირსკი იყო. სირსკიმ გასული წლის აგვისტოში, „ვაშინგტონ პოსტთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის მხარეს ქალაქის დაცვის ორშრიანი გეგმა ჰქონდა. თავდაცვის ერთი ხაზი კიევის შემოგარენის გასწვრივ გადიოდა, ხოლო მეორე თავად ქალაქის ცენტრის ირგვლივ.
„უკრაინის ძალების ხელმძღვანელობამ დაადასტურა რომ ძლიერია და კარგად მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ მათ ქვეყანას ნაკლები რესურსი აქვს“, - ამბობს ფილიპ ბრიდლოვი, აშშ-ის ევროპის სარდლობის ყოფილი მეთაური.
რუსეთის ჯარმა ომის გამოცხადებიდან მალევე მიაღწია ჩერნობილს. უკრაინული მხარის თქმით, რუსმა სამხედროებმა ზოგიერთ შემთხვევაში სანგრები რადიაციულ ზონაში გათხარეს. ჩერნობილთან გამართული ბრძოლების შემდეგ, უკრაინის მხარემ უკან დაიხია, და მისი მთავარი მიზანი რუსული კოლონის წინსვლის შენელება გახდა. ამის უზრუნველსაყოფად, უკრაინულმა დანაყოფებმა ააფეთქეს ხიდები, გზები და მიჰქონდათ იზოლირებული შეტევები რუსულ ჯავშან-ტექნიკასა და პერსონალზე.
„რუსეთმა არასწორი გათვლებით დაიწყო ეს ომი. და როცა ასე იწყებ ომს, და შენი ლოგისტიკა სამ-ოთხ დღეზეა გათვლილი, და არა ერთწლიან ან გრძელვადიან ომზე, რთულია ბრძოლისას ეს გამოასწორო. ამიტომ რუსეთი განიცდიდა მარცხს მარცხზე,“- ამბობს ბრიდლოვი.
როცა ასე იწყებ ომს, და შენი ლოჯისტიკა სამ ოთხ დღეზეა გათვლილი, და არა ერთწლიან ან გრძელვადიან ომზე, რთული ბრძოლისას ეს გამოასწორო.ფილიპ ბრიდლავი
რუსეთის ჯარის ამ ნაწილს, ჩერნობილთან რამდენიმე დანაყოფი გამოეყო, მოსკოვის ეს მოწინავე ძალები ჰოსტომელში, ანტონოვის ავიადრომის მიმართულებით წავიდნენ. აეროპორტი რუსეთისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული სამიზნე იყო. მოსკოვი იმედოვნებდა, რომ მას დაიკავებდა და შემდეგ დედაქალაქზე თავდასხმისთვის, დესანტის, ტრანსპორტირების თუ ლოგისტიკის ჰაბად გამოიყენებდა.
მოსკოვი თვლიდა, რომ მისი თავდაპირველი საჰაერო იერიში საკმარისი იყო უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასანეიტრალებლად. თუმცა ეს გათვლაც არასწორი აღმოჩნდა.
„რუსეთმა ვერცერთ ეტაპზე ვერ მოახერხა კიევის თავზე საჰაერო უპირატესობის მოპოვება. ეს იყო რუსეთის სამხედრო მარცხი. მათ ვერ ჩაატარეს ფართომასშტაბიანი საჰაერო და სარაკეტო კამპანია. თავდაპირველი შეტევა 6-7 საათი გაგრძელდა, როცა ჩვენ 72-ს მოველოდით. რუსებმა ძირეულად არასწორად აღიქვეს უკრაინის თავდაცვის რეალობა“, - გვეუბნება ბაროსი.
თავდაპირველად მოსკოვი მისი საჰაერო ძალების გამოყენებით ეცადა ჰოსტომელის აეროპორტის გაკონტროლებას. ჰოსტომელს უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-4 სწრაფი რეაგირების ბრიგადა იცავდა, 400 ჯარისკაცით.
რუსეთმა ვერცერთ ეტაპზე ვერ მოახერხა კიევის თავზე საჰაერო უპირატესობის მოპოვება.ჯორჯ ბაროსი
“უკრაინელების და ასევე ქართველების სიმამაცემ, და აქ მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ქართული ლეგიონის მეთაურს მამუკა მამულაშვილსაც, ჰოსტომელის აეროპორტში რუსეთი მარცხი განაპირობა. ამის შემდეგ, რუსეთს გაუქრა იმედები, რომ უკრაინის წინააღმდეგ სწრაფ ომს მოიგებდა,“ - ამბობს ლუკ კოფი, ჰადსონის ინსტიტუტიდან.
თუმცა, მალევე უკრაინულმა ბრიგადამ აეროპორტიდან უკან დაიხია, რადგან მას საბრძოლო მასალა გაუთავდა. უკან დახევასთან ერთად, უკრაინამ განაგრძო აეროდრომის დაბომბვა არტილერიის მეშვეობით, რათა რუსეთს ვერ მოეხერხებინა მისი გამოყენება დამატებითი ცოცხალი ძალის იქ გადასასმელად. აეროდრომის დაცვაში მონაწილეობდა უკრაინის საჰაერო ძალებიც, რომლის პილოტებმაც რუსეთის განუწყვეტელი ცეცხლის ფონზე, იცოდნენ, რომ ეს შესაძლოა მათი ბოლო მისია ყოფილიყო.
„რუსებმა ჩაატარეს საჰაერო სადესანტო ოპერაციები მათი ელიტარული საჰაერო სადესანტო ძალების გამოყენებით,“ვიდივის“ მეშვეობით ჰოსტომელის აეროპორტის ხელში ჩასაგდებად. თუმცა, ეს მცდელობა აშკარად წარუმატებელი აღმოჩნდა… აეროპორტსა და მის შემოგარენში თებერვალსა და მარტში ძალიან ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა... საბოლოოდ რუსებმა აქ დიდი დანაკარგები განიცადეს, - ამბობს ბაროსი. „ამას დაახარჯეს მათი ელიტარული საჰაერო სადესანტო ძალები და ვერ შეასრულეს ვერცერთი ამოცანა“, - ამბობს ის.
უკრაინელების და ასევე ქართველების სიმამაცემ ჰოსტომელის აეროპორტში რუსეთი მარცხი განაპირობა.ლუკ კოფი
ბრძოლა ჰოსტომელში ომის-ერთი ერთ გადამწყვეტ მომენტად იქცა. აეროდრომი რამდენჯერმე გადავიდა ხელიდან ხელში. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ჰოსტომელის ანტონოვის აეროპორტი დაიკავა, აეროდრომი უკვე გამოუსადეგარი იყო.
ბრძოლა წესების გარეშე
თებერვლის ბოლოს რუსეთის ჯარის ნაწილები ჩრდილო-დასავლეთიდან, ჰოსტომელში მის მოწინავე ძალებთან შესაერთებლად გაემართა. 60-კილომეტრიანი ჯავშანტექნიკის კოლონის კადრები, სავარაუდოდ 15,000 ჯარისკაცით, ომის ამ მონაკვეთს ეკუთვნის. კიევი კოლონის შეჩერებას "ჯაველინების", "ენ-ლოუების", და "ბაირახტარების" მეშვეობით ცდილობდა. უკრაინელების აქტიური წინააღმდეგობის შედეგად, რუსები რამდენიმე საათის ნაცვლად, გზაზე ჯერ დღეების, შემდეგ კი კვირების განმავლობაში იდგნენ.
“რუსებმა საკუთარი ხაზი გადაჭიმეს, და უკრაინული ძალები იოლად ახერხებდნენ მათზე თავდასხმას და ხელს უშლიდნენ საწვავის შეიარაღების და სხვა ლოგისტიკური საჭიროებების მიწოდებას ფრონტის ხაზზე“, - ამბობს ბაროსი.
ამავდროულად, უკრაინის ჯარი აგრძელებდა ბრძოლას ახლა უკვე მდინარე ირპინის ნაპირებზე. აქ დამარცხება კიევს პირდაპირი საშიშროების წინაშე აყენებდა. უკრაინულმა მხარემ მდინარეზე ხიდები ააფეთქა, რათა რუსეთის წინსვლა გაერთულებინა.
უკრაინელები ცდილობდნენ რუსების ვიწრო გზებისკენ წაყვანას და შემდეგ მათი კოლონის პირველ და ბოლო ჯავშანტექნიკას იღებდნენ სამიზნეში. ამის შემდეგ მტერს უწევდა არჩევანი გაეკეთებინა, ან ტალახიან გზებზე გადასულიყო, ან გზა გაეგრძელებინა, ორივე ვარიანტი რუსებს იოლ სამიზნედ ხდიდა.
„სისტემები, რომლებიც დასავლელმა პარტნიორებმა უკრაინელებს მისცეს, ძალზედ მნიშვნელოვანი იყო უკრაინისთვის, რათა კიევის ბრძოლა მოეგოთ. ამ დახმარების გარეშე, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ უკრაინა ომს წააგებდა“ , - ამბობს ბაროსი.
გადამწყვეტი მომენტი
გადამწყვეტი მომენტი უკრაინული გენშტაბის თქმით, კიევის დაცვაში, მოშუნის ბრძოლისას დადგა. კიევიდან 20 კილომეტრში, მოშუნის ტყეში დაპირისპირება ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
დახმარების გარეშე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ უკრაინა ომს წააგებდა.ჯორჯ ბაროსი
„არ ვიცოდი, მოვახერხებდით თუ არა პოზიციების დაცვას. ბატალიონის სარდლობის პოსტზე 24 საათის განმავლობაში ვიმყოფებოდი. რაც კი რეზერვები გვქონდა აქ გადავიტანეთ“, - ამბობს სირსკი უკრაინულ სამთავრობო პლატფორმა ”იუნაითიდ 24”-თან საუბარში.
მიუხედავად რუსეთის რაოდენობრივი უპირატესობისა, უკრაინულმა ძალებმა მოლოდინის საწინააღმდეგოდ, მოახერხეს მოშუნის დაცვა. აქაც კიევმა კრეატიულ მეთოდებს მიმართა. უკრაინულმა მხარემ ირპინის კოზაროვიჩის წყალსაცავი ააფეთქა, შედეგად მდინარის გასწვრივ ტერიტორია დაიტბორა და რუსულ ჯარს მისი გადაკვეთა გაურთულა, მოძრაობა უჭირდა მძიმე ტექნიკასაც.
“არის უამრავი კადრები, სადაც ჩანს, როგორ გროვდებიან რუსული ძალები მდინარის ერთ მხარეს და ცდილობენ მის გადალახვას. მაგრამ ვერ ახერხებენ, რადგან უკრაინელებმა წარმატებით დატბორეს ეს მდინარეები. ეს მოხდა სოფელში, სახელად მოშუნი და სხვა ადგილებში, აეროპორტიდან არც თუ ისე შორს. ეს პატარა ეპიზოდები ნამდვილად წარმოაჩენს, თუ რამხელა კრეატიულობა აჩვენეს უკრაინელებმა თავიანთი დედაქალაქის დასაცავად“, - ამბობს ბაროსი.
თუმცა, ბრძოლა რთული იყო. „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, 21 მარტს, მოშუნთან, 72 მექანიზებული ბრიგადის მეთაურმა ოლექსანდრ ვდოვიჩენკომ გენერალური შტაბის უფროსს, ვალერი ზალუჟნის უთხრა, რომ მისი ძალები რუსებს ვეღარ აკავებდნენ. ზალუჟნიმ იმის გათვალისწინებით, რომ მოშუნის რუსეთის ხელში აღმოჩენა, კიევის დაცემას უდრიდა, ვდოვიჩენკოს უბრძანა ბრძოლის გაგრძელება.
„ყველაზე რთული მომენტი, მოშუნი იყო, რუსეთის არმიამ აქ საარტილერიო ბრძოლისას, ხაზზე მდებარე სახლები სრულიად დაბომბა და გაანადგურა“, - ამბობს „ამერიკის ხმასთან“ კიევის მცველი ერთ-ერთ ჯარისკაცი.
კიევის გარშემო არსებული რელიეფის, გზების, ტყეების, და მდინარეების ცოდნა, უკრაინელებს დაეხმარა რუსეთის წინსვლა შეენელებინა, მისი საჯარისო დანაკარგები გაეზარდა, ჩაეშალა ლოგისტიკა და შედეგად განეიტრალებინა მოსკოვის უნარი, აღედგინა ძალები ან გადაჯგუფებულიყო.
[ბუჩა] აჩვენებს რუსულ ჯარში ადამიანობის სრულ ჩამოშლას.ფილიპ ბრიდლავი
უკვე მარტის ბოლოს, უკრაინული მხარე შეტევაზე გადავიდა. ცოტა ხანში, მოსკოვმა განაცხადა, რომ „კეთილშობილური“ ნაბიჯით კიევიდან გადიოდა და იქ ოპერაციის მიზნები მიღწეულად გამოაცხადა.
უკან რუსულმა ჯარმა ბუჩაში სასაკლაო მოიტოვა.
„[ბუჩა] მიანიშნებს რუსეთის ჯარში დისციპლინის ნაკლებობაზე. რუსი ოფიცრების უუნარობაზე მათ რიგებში წესრიგი და დისციპლინა დაამყარონ. ჩანაწერები მოვისმინეთ, სადაც დედები თავიანთ შვილებს ამხედრებენ და ეუბნებიან, რომ უკრაინელი ქალების გაუპატიურება შეუძლიათ. ეს აჩვენებს რუსულ ჯარში ადამიანობის სრულ ჩამოშლას“, - ამბობს ფილიპ ბრიდლოვი, აშშ-ის ევროპის სარდლობის ყოფილი მეთაური.
საბოლოო გამბიტი
კიევისთვის ბრძოლის მეორე ფრონტი ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულება იყო. რუსეთს ქალაქის ალყაში მოქცევა სურდა. მაგრამ, აქ ნაწილში, ჩერნიჰივის და სუმის მიმართულებიდან 30,000-მდე რუსი სამხედრო უკრაინელების ძლიერი წინააღმდეგობის შედეგად, ლოგისტიკური და მომარაგების, საწვავის და საკვების პრობლემებით, წინ ვერ წავიდა. სამი დღე სამ კვირად იქცა.
ჩერნიჰივში, “ვაშინგტონ პოსტისთვის” უკრაინული მხარის მიერ მიცემული კომენტარის თანახმად, 2, 000-მა უკრაინელმა ბოლომდე იბრძოლა, რათა ქალაქში პოზიციები შეენარჩუნებინა.
ამ ეტაპზე რუსეთმა ახალ მანევრს მიმართა. საზღვრიდან დასავლეთის მიმართულებით, ჯარების ნაწილი, ორივე - როგორც ჩერნიჰივის, ისე სუმის მიმართულებიდან კიევისკენ გადაისროლა. ბრძოლა კიევის მისადგომებთან, დასახლება ბროვარიში გაიმართა. თუმცა, უკრაინის ტერიტორიაზე ღრმად შეჭრილ რუსულ ჯარს, მალევე მოუხდა უკან შებრუნება უკრაინული წინააღმდეგობის ფონზე და კიევის მისადგომების ქაოსურად დატოვება.
„რუსეთი მიზანი კიევის ალყაში მოქცევა და მისი ყველა მხრიდან შემოსაზღვრა იყო... თუმცა ეს ძალზე ამბიციური გეგმა აღმოჩნდა. მათ ვერ უზრუნველყვეს საკუთარი ხაზების დაცვა, როცა სუმიდან, ხარკივიდან, ბროვარისკენ გაემართნენ. სანამ იქამდე მივიდოდნენ, უკრაინელები მათ ანადგურებდნენ“, - ამბობს ბაროსი.
შეფასებებით, უკრაინის წარმატება მისმა კრეატიულმა ბრძოლამ, მათმა მიზნის გარშემო ერთობამ და საკუთარი ქვეყნის დაცვის სურვილმა განაპირობა. ამას ხელი შეუწყო იმან, რომ რუსეთმა ვერ მოახერხა ეწარმოებინა ერთობლივი სამხედრო კამპანია, ქვეითებისთვის საჰაერო მხარდაჭერა აღმოეჩინა, გაეკონტროლებინა ცა კიევის თავზე და შეესრულებინა ისეთი საბაზისო ფუნქციები, როგორიცაა მანევრის დაგეგმვა და აღსრულება.
და ომის თითქმის 15 თვის თავზე, კიევი დგას გამარჯვებული და თავისუფალი.
Facebook Forum