რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქ სანკტ-პეტერბურგში, შვიდი კანონმდებელი პოლიციაში დაიბარეს მას შემდეგ, რაც მათ სახელმწიფო დუმას მოსთხოვეს, უკრაინაში არაპროვოცირებული შეჭრის დაწყებისთვის, პუტინს სახელმწიფო ღალატის ბრალი წაუყენონ.
სანკტ-პეტერბურგის სმოლნის მუნიციპალური ოლქის შვიდმა კანონმდებელმა 8 სექტემბერს, ტექსტური შეტყობინებით, რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის ბრალდების ოქმის შესავსებად პოლიციაში გამოძახების უწყება მიიღო.
ასევე ნახეთ: პუტინი ბიჭვინთის 184 ჰექტარი ტერიტორიის ჩუქებას ითხოვს7 სექტემბერს ჯგუფმა ოფიციალური წერილი გაუგზავნა სახელმწიფო დუმას მოთხოვნით, რომ ფედერალურმა კანონმდებლებმა პუტინის გადაყენების პროცედურა დაიწყონ. მათი მოთხოვნის მიხედვით, მიმდინარე ომმა რუსეთის უსაფრთხოებას ზიანი მიაყენა.
წერილში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინაში შეჭრამ რუსი ჯარისკაცების სიკვდილი გამოიწვია, დააზარალა ეკონომიკა და ქვეყნის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა, ნატო შვედეთში და ფინეთში გააფართოვა და სხვა ქვეყნების დახმარებით უკრაინის მილიტარიზება მოახდინა.
წერილი რუსეთის უშიშროების საბჭოს და სახელმწიფო დუმის ხუთი პოლიტიკური ფრაქციის ლიდერებს გაეგზავნა.
მარტის დასაწყისში პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსული სამხედრო ოპერაციების შესახებ „განზრახ ყალბი ინფორმაციის“ გავრცელებისთვის ხანგრძლივ პატიმრობას ითვალისწინებს.
უკანონოდ ითვლება ასევე „რუსეთის ინტერესების დასაცავად რუსული ჯარის გამოყენების წინააღმდეგ მოწოდებები“ ან „ასეთი გამოყენების დისკრედიტაცია“, რაც სამ წლამდე ციხით ისჯება.
იგივე კანონი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე მოწოდებებსაც ეხება.