მოსკოვი ამტკიცებს, რომ იარაღის წარმოების მასშტაბი და ტემპი გაზარდა და აპირებს, რომ ეს მაღალი მაჩვენებლები შეინარჩუნოს.
2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში უდიდესი სამხედრო კონფლიქტია, რამაც დასავლეთსა და რუსეთს შორის უკიდურესი დაძაბულობა გამოიწვია. უკრაინა და მისი დასავლელი პარტნიორები იარაღის წარმოებას აჩქარებენ და აძლიერებენ იმისთვის, რომ თავდაცვაც შეძლონ და უკრაინის სამხედრო საჭიროებების დაკმაყოფილებაც. წარმოებას რუსეთიც ზრდის, თუმცა შეიარაღებული კონფლიქტის გამოწვევაში დასავლეთს ადანაშაულებს.
ასევე ნახეთ: კიევი ამბობს, რომ 31 რუსული დრონიდან 28 ჩამოაგდო"ჩვენ არ გვინდა ტრაბახი, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ უკვე გადავაჭარბეთ დასავლეთის ქვეყნების წარმოების ტემპს", - ამბობს რუსეთის ვიცე-პრემიერი დენის მანტუროვი "რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში. მანტუროვი ქვეყანაში სწორედ სამხედრო წარმოების მიმართულებას ხელმძღვანელობს.
"კიდევ ერთი შეკითხვა ისაა, რამდენხანს გასტანს ეს რბოლა", - ამბობს მანტუროვი და დასძენს, რომ 2025-34 წლების შეიარაღების გეგმა მომავალ წელს დამტკიცდება.
რუსეთის პრეზიდენტმა და ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოუგუმ რამდენჯერმე თქვეს, რომ არტილერიის, დრონების, ტანკებისა და ჯავშანტექნიკის წარმოება ძალიან სწრაფად და წარმატებულად მიმდინარეობს.
დასავლეთის ქვეყნების ზოგიერთი ლიდერი საუბრობს იმაზე, რომ რუსეთთან და ჩინეთთან ერთგვარი ახალი ცივი ომი მიმდინარეობს, თუმცა რუსეთის 2-ტრილიონიან ეკონომიკას უნდა გაუჭირდეს მთელი დასავლეთის ერთობლივ ნებასთან და შესაძლებლობებთან გამკლავება. "მსოფლიო სავალუტო ფონდის" მონაცემებით, ამერიკის მთლიანი შიდა პროდუქტი ამ წელს 27 ტრილიონი დოლარი იყო, ჩინეთის კი - 17.7.
მანტუროვის განცხადებით, რუსეთმა უნდა შეძლოს რეზერვების შევსება და წარმოების ახლანდელი ტემპის შენარჩუნება. მისივე თქმით, სახელმწიფოს შეკვეთები თავდაცვის სფეროში წინა წელთან შედარებით, წელს გაორმაგდა და ზოგიერთი იარაღის წარმოება გაათმაგდა კიდეც.