რუსეთის დუმამ სავალდებულო სამხედრო სამსახურის 30 წლამდე გაზრდას მხარი დაუჭირა

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ სამშაბათს მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის თანახმადაც მამაკაცებისთვის ჯარში სავალდებულო სამსახურის მაქსიმალური ასაკი 27-დან 30 წლამდე გაიზრდება.

ასევე ნახეთ: ზაპორიჟიის სადგურის ტერიტორიაზე ნაღმები იპოვეს

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გამოაცხადა გეგმა, რომელიც პროფესიონალურ და სავალდებულო სამხედრო სამსახურში ჯარისკაცების რაოდენობა 30%-ზე მეტით -- 1,5 მილიონ ადამიანამდე უნდა გაზრდილიყო. ეს ამბიციური ამოცანა რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის განსაკუთრებით გართულდა უკრაინაში მისი მძიმე დანაკარგების და ქვეყნიდან ათობით ადამიანის წასვლის შემდეგ.

ახალი კანონმდებლობა 1 იანვრიდან ამოქმედდება, რის შემდეგაც ქვეყნის მოქალაქე თითოეულ მამაკაცს მოეთხოვება გაიაროს სამხედრო სამსახური ან ექვივალენტური მომზადება უმაღლესი განათლების მიღების პერიოდში 18-დან 30 წლამდე. ახლა ეს ასაკობრივი ზღვარი 18-დან 27 წლამდეა.

კანონი ასევე აკრძალავს მამაკაცებს რუსეთიდან გასვლას კომისარიატიდან გამოძახების მიღების შემდეგ. აპრილში რუსეთში ასევე ამოქმედდა კანონი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს საშუალებას აძლევს ჯარში გაწვევის გამოძახება ადამიანებს, დოკუმენტის ფიზიკურად მიღების ნაცვლად, ონლაინ რეჟიმში გაუგზავნოს.

ასევე ნახეთ: რუსეთში სამხედრო სამსახურში რეზერვისტების ასაკის ზედა ზღვარი 5 წლით გაიზარდა

კიდევ ერთი კანონპროექტის თანახმად, რომელიც დუმამ 18 ივლისს მიიღო, პირველი კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეებისთვის ასაკობრივი ზღვარი 35-დან 40 წლამდე გაიზარდა, მეორეში - 45-დან 50 წლამდე, მესამეში კი 50-დან 55 წლამდე. მაღალი სამხედრო წოდების მქონე ოფიცრებისთვის კი, სამობილიზაციო რეზერვში ყოფნის ვალდებულება 65 წლამდე გაიზარდა.