რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვლადიმირ კარა-მურზა ციმბირში, სხვა კოლონიაში გადაიყვანეს და ის სამარტოო საკანში იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ მისი ადვოკატი და მეუღლე ავრცელებენ.
კარა-მურზა ადვოკატისთვის მიწერილ წერილში, რომელიც მისმა მეუღლე ევგენია კარა-მურზამ გამოაქვეყნა, ამბობს, რომ ეს გადაყვანა იყო სასჯელი იმისთვის, რომ ის არ დაემორჩილა ციხის მცველის მოწოდებას "ამდგარიყო". მისი თქმით, ხელისუფლებამ ეს "მავნებლურ დარღვევად" მიიჩნია.
კარა-მურზა ამბობს, რომ ის ისეთ საკანში გადაიყვანეს, რომელსაც რუსეთში ინიციალეებით "EPKT"-თი მოიხსენიებენ და უმკაცრეს, საიზოლაციო საკანს აღნიშნავს. ის წერილში ირონიულად იმასაც ამბობს, რომ ამ საკანში გადაყვანა იმისთვის იყო საჭირო, რომ ცხოვრება ძალიან ტკბილად არ მოჩვენებოდა.
ასევე ნახეთ: რუსეთის სააპელაციო სასამართლომ კარა-მურზა 25 წლით პატიმრობაში დატოვავლადიმირ კარა-მურზამ უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ომი დაგმო და ის რუსეთის წინააღმდეგ დასავლური სანქციების დაწესებას ემხრობოდა, რის გამოც მას გასული წლის აპრილში, სამშობლოს ღალატისთვის 25 წლით პატიმროობა მიესაჯა. ის ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ეს სტალინის ეპოქის სასამართლოს მსგავსი პროცესი იყო.
ეს სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის გამოტანილი უმკაცრესი სასჯელია. პუტინის ყველაზე ცნობილი ოპონენტი, ალექსეი ნავალნი ამ დროს უკვე ციხეში იყო და მას პატიმრობა 19 წლით გაუგრძელდა, "ექსტრემიზმთან" დაკავშირებული ბრალდებით.
კარა-მურზას თქმით, ის მოწამვლის ორ მცდელობას გადაურჩა და მისი მეუღლე ამბობს, რომ ციხეში კიდევ უფრო მეტი საფრთხე ემუქრება, მით უფრო, რომ მოწამვლების შედეგად ნერვული დაავადება აქვს.
კარა-მურზა ამბობს, რომ ის IK-7 კოლონიაში გადაიყვანეს, რომელიც ქალაქ ომსკში მდებარე წინა ციხიდან ახლო დისტანციაზეა. "მე ყველაფერი კარგად მექნება, მაჭმევენ, მაცმევენ და თბილად ვარ. აქ ყველა კარგადაა", - დაწერა მან ცნობილი რუსი მწერლების დოსტოევსკისა და სოლჟენიცინის ნაწარმოებებზე მითითებით. პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ მას უკან, ძველ კოლონიაში, 4 თვეში დააბრუნებენ.