რუსეთის სასამართლომ "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტს 6-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ის ამერიკისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა და მის მიმართ წაყენებულ ბრალს როგორც, მედია-ორგანიზაცია, ისე - ამერიკის მთავრობა პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.
სასამართლომ ალსუ კურმაშევა რუსული ჯარის თაობაზე სიცრუის გავრცელებაში დამნაშავედ ცნო.
ასევე ნახეთ: რუსულმა სასამართლომ, ამერიკელ ჟურნალისტს 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა"ასოშეითედ პრესი", საინფორმაციო სააგენტო, რომელმაც ამის შესახებ პირველმა დაწერა, თქვა, რომ სასამართლოს დოკუმენტაციისა და ოფიციალური პირების თანახმად, ბრალდება 19 ივლისით თარიღდება, მას შემდეგ, რაც სასამართლომ ქალაქ კაზანში გასაიდუმლოებული სხდომა ჩაატარა.
"რადიო თავისუფლება"/"თავისუფალი ევროპის" აღმასრულებელი დირექტორი სტივენ კაპუსი სასამართლოს და მის მიერ გამოტანილ განაჩენს "მართლმსაჯულების დაცინვას" უწოდებს და ამბობს, რომ ალსუ უნდა გათავისუფლდეს.
"დიდი ხანია დროა, რომ ამერიკის მოქალაქე, ჩვენი ძვირფასი კოლეგა თავის მოსიყვარულე ოჯახს დაუბრუნდეს", - ამბობს კაპუსი განცხადებაში.
კურმაშევა 47 წლის ჟურნალისტია, რომელიც კაზანში ოქტომბერში დააპატიმრეს და ბრალად ის ედება, რომ "უცხო ქვეყნის აგენტად" არ დარეგისტრირდა. მას ასევე დასდეს ბრალი რუსული ჯარის შესახებ სიცრუის გავრცელებაში. "რადიო თავისუფლება" და ამერიკის მთავრობა ამბობენ, რომ ეს ბრალდებები მისი ჟურნალისტური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი და შურისძიებაა.
19 ივლისსვე, ვერდიქტი გამოუტანეს "უოლ სტრიტ ჯორნალის" ამერიკელ ჟურნალისტს ევან გერშკოვიჩს, რომელსაც ბრალს რუსული სასამართლო ჯაშუშობაში სდებს.