რუსული სისასტიკის კვალი - ადამიანური ემოციები
ეს კადრი უკრაინაში პოლტავას რეგიონში, კრემანჩუკის ერთ-ერთ საავადმყოფოშია გადაღებული. წყვილმა მრავლობითი დაზიანებები მაშინ მიიღო, როდესაც რუსეთმა სავაჭრო ცენტრი დაბომბა. წყვილი საავადმყოფოში ხელჩაკიდული ზის და ერთმანეთს ამხნევებს.
ეს კადრი ქალაქ ჩასივ იარშია გადაღებული, დონეცკის რეგიონში, სადაც რუსეთმა საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა. ადგილობრივები სამაშველო სამსახურის მუშაობას ადევნებენ თვალს და ელიან მაშველების პასუხს საკუთარი ოჯახის წევრების შესახებ, რომლებიც ნანგრევებში არიან მოქცეული.
ეს შემზარავი ფოტო კოსტიანტინივკაში 9 ივლისს არის გადაღებული რუსული დაბომბვის შემდეგ. კადრში ჩანს 45 წლის ოქსანა კაზალსკა, რომელიც მისი დაბომბვის დროს დაღუპული დედამთილის, 75 წლის ალა სოჩენკოს ცხედართან დგას. საცხოვრებელი სახლის გარეთ კი მისი ქალიშვილი იცდის.
85 წლის ზიანიდა კლიმოვას ემოცია “როიტერის” ფოტოგრაფებმა კადრზე 19 ივლისს აღბეჭდეს, მაშინ როცა კრამარტოსკში, რუსმა სამხედროებმა იერიში საცხოვრებელ შენობებზე მიიტანეს. კლიმოვა რუსულ იერიშს გადაურჩა თუმცა უსახლკაროდ დარჩა.
ეს კადრი სლოვიანსკიდან არის. 51 წლის სერგეი ვესელი, რუსული დაბომბვის დროს მძიმედ დაშავდა. ის საავადმყოფოში გადაჰყავთ და მანქანაში საკუთარ მეუღლეს ესაუბრება. კადრი 5 ივლისით თარიღდება.
ეს ფოტო ქალაქ კოსტიანტინივკაშია გადაღებული. 58 წლის ლენა საკუთარ ძაღლს დასტირის, რომელიც რუსულ ბომბებს შეეწირა. ფოტო 9 ივლისით თარიღდება.
ეს ფოტო ხარკივშია გადაღებული, მაშინ როცა 85 წლის ანა სტანოვკაიამ გაიგო მეუღლის დაღუპვის შესახებ. ამ დღეს რუსებმა ხარკივში საცხოვრებელი კომპლექსი დაბომბეს. ფოტო 27 ივლისს არის გადაღებული.
ეს კადრი ხარკივშია გადაღებული. ფოტოზე ჩანს მაშველი, რომელიც რუსული დაბომბვის დროს დაღუპულის ცხედრის გადატანას ცდილობს. მამაკაცი აივანზე იპოვეს გარდაცვლილი. ფოტო 11 ივლისს არის გადაღებული.
ამ ფოტოზე უფრო ფართო კადრით დაინახავთ რუსული ჯარის სისასტიკეს. კადრი ხარკივის რაიონში, ჩრდილოეთ სალტივკაშია გადაღებული. ფოტოზე ჩანს თითქმის სრულად განადგურებული საცხოვრებელი კორპუსი, სადაც დაბომბვის შემდეგ ხანძარი გაჩნდა. ფოტო 17 ივლისით თარიღდება.