უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას ევროკავშირის სანქციები უნდა მოჰყვეს - მერკელი

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ამბობს, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს რუსეთს მეტი სანქციები დაუწესოს, თუ აღმოსავლეთ უკრაინაში და მის გარშემო, ან ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე ვითარება გამწვავდება.

ბერლინში, პოლონელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ერთიანი უნდა იყოს, ბელარუსის მიერ მიგრანტების „იარაღად“ გამოყენების და რუსეთის მიერ, უკრაინის საზღვართან ჯარების განლაგების საკითხებში.

„უკრაინის სუვერენიტეტის წინააღმდეგ ნებისმიერი შემდგომი აგრესია, ძვირად ფასობს“ - აცხადებს მერკელი და ამბობს, რომ სიტუაციის განმუხტვა ყოველთვის საუკეთესო გამოსავლი უნდა იყოს.

ასევე ნახეთ: ბაიდენი უკრაინას "ურყევ" მხარდაჭერას უცხადებს

კიევსა და მოსკოვს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე, ორივე მხარემ, მიმდინარე კვირაში სამხედრო წვრთნები ჩაატარა. პარალერულად, ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარზე, ახლო აღმოსავლეთიდან და სხვა ცხელი წერტილებიდან წამოსული მიგრანტთა ნაკადია ჩაკეტილი. ევროკავშირი აცხადებს, რომ მიგრანტთა კრიზისს ბელარუსი მიზანმიმართულად ქმნის. დასავლეთის ბრალდებებს ლუკაშენკო უარყოფს.

მერკელი ფიქრობს, რომ პოლონეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საზღვარზე რაიმე სახის შემდგომი ესკალაცია თავიდან აირიდოს. თუმცა, მან შეშფოთება გამოთქვა, მიგრანტთა პირობების შესახებ, საზღვრის ორივე მხარეს.

„ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ ბელარუსში ადამიანებს ჰუმანურად მოეპყრონ. ჩვენ ასევე განვხილეთ, საზღვრის პოლონურ მხარეს არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობა“ - განაცხადა მერკელმა.