რუსეთი საკანონმდებლო შურისძიებას გეგმავს

ამერიკასა და რუსეთს შორის არსებული დაძაბული ვითარება შეიძლება კიდევ უფრო გართულდეს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქვეყნის პარლამენტს მოუწოდა მკაცრი რეაგირება მოახდინოს ამერიკის კონგრესის მიერ მიღებულ მაგნიცკის აქტზე. ამით ამერიკასა და რუსეთს შორის არსებული დაძაბული ვითარება შეიძლება კიდევ უფრო გართულდეს.

ლავროვმა რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატას - დუმას - მიმართა შეიმუშავოს საკანონმდებლო ზომები,
რომლებიც ამერიკულ კომპანიებს რუსეთში ექსპორტის წარმოებაში ხელს შეუშლის. გარდა ამისა, დუმამ შესაძლოა ამერიკის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმიც გაამკაცროს.

პრეზიდენტ პუტინის საგარეო საქმეთა მრჩეველმა იური უშაკოვმა განაცხადა, რომ ამერიკელებმა მსოფლიოს დაანახეს თუ როგორი შეხედულება აქვთ კაპიტოლიუმში რუსეთზე.

მოსკოვის ასეთი მწვავე რეაქცია მაგნიცკის აქტზე მოსალოდნელი იყო. პრეზიდენტი ობამა კანონს სავარაუდოდ მალე მოაწერს ხელს. კანონის თანახმად, რუსეთის ოფიციალურ პირებს, რომლებიც სერგეი მაგნიცკის ციხეში მოკვლის საქმესთანაა დაკავშირებული, ამერიკაში მოგზაურობა ეკრძალებათ. მაგრნეცკი იურისტი იყო, რომელმაც 2009 წელს ფედერალური გამომძიებლები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 230 მილიონი დოლარის მოპარვაში დასდო ბრალი.