კრემლი შეშფოთებას გამოხატავს ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილების თაობაზე, რომლის თანახმადაც, შეერთებული შტატები ტოვებს ცივი ომის დროინდელ შეთანხმებას ბირთვული რაკეტების შესახებ. კრემლის განცხადებით, ეს "მსოფლიოს უფრო საშიშს გახდის". მოსკოვს ამ კვირაში დონალდ ტრამპის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი ეწვევა და სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილება განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება.
კრემლის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთს შეთანხმება არ დაურღვევია და თუკი ამერიკა აპირებს ბირთვულ რაკეტებზე მუშაობას, მაშინ, რუსეთი იძულებული გახდება, შესაბამისად უპასუხოს.
საშუალო რადიუსის ბირთვული რაკეტების შესახებ შეთანხმება 1987 წელს იქნა მიღწეული. ტრამპმა რუსეთი ამ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა, რადგან ეს უკანასკნელი ქმნის და ცდის ბირთვულ რაკეტებს. შეთანხმების პირობების თანახმად, ამერიკას და რუსეთს 500-5000 კმ რადიუსის მქონე ბირთვული რაკეტების შექმნა და გამოცდა ეკრძალება. ამ შეთანხმებას ხელი 1987 წელს რონალდ რეიგანმა და მიხაილ გორბაჩოვმა მოაწერეს.