რუსეთი პლუტონიუმის განადგურების შეთანხმებას წყვეტს

რუსეთმა ამერიკასთან პლუტონიუმის განადგურების თაობაზე დადებული ხელშეკრულება გააუქმა. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბრძანებას ხელი დღეს მოაწერა და გადაწყვეტილება ვაშინგტონის „არამეგობრული ქმედებებით“ ახსნა. კრემლი ასევე აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებას ვერ უზრუნველყოფს.

პირველადი შეთანხმება 2000 წელს დაიდო. 2010-ში განახლებულ ხელშეკრულებას ხელი საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მოაწერეს. ხელშეკრულების მიხედვით, თითოეული მხარე ვალდებულებას იღებდა, რომ თავდაცვის სფეროში 34 ტონა პლუტონიუმს გაანადგურებდა და მას ბირთვულ რეაქტორებში საწვავად გამოიყენებდა. კლინტონის თქმით, მათი საშუალებით 17 ათასი ბირთვული ქობინის დამზადება იქნებოდა შესაძლებელი.

ამერიკა-რუსეთს შორის ურთიერთობა მოსკოვის მიერ უკრაინაში ყირიმის ანექსიის შემდეგ დაიძაბა. ვაშინგტონმა გადამწყვეტი როლი ითამაშა იმაში, რომ უკრაინაში კრიზისის გაღრმავების გამო, დასავლეთს რუსეთისთვის მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაეწესებინა. ექსპერტების შეფასებით, ორ ქვეყანას შორის ასეთი ცუდი ურთიერთობა ცივი ომის პერიოდის შემდეგ არ ყოფილა.