რუსეთი Facebook-ს ქვეყანაში ფუნქციონირების უფლების შეზღუდვით ემუქრება თუკი ეს უკანასკნელი მომხმარებელთა მონაცემების შენახვის შესახებ ქვეყანაში მოქმედ კანონს არ დაემორჩილება.
2014 წელს მიღებული კანონი სატელეკომუნიკაციო კომპანიებისგან მოითხოვს, რომ მათ რუსეთში მყოფი რუსების შესახებ პერსონალური ინფორმაცია შეინახონ. ეს წესი არაერთხელ გააკრიტიკეს და ბევრის აზრით, ეს არის რუსეთის მთავრობის მცდელობა, აიძულოს ეს კომპანიები გადასცენ მას მომხმარებელთა შესახებ არსებული მონაცემები.
"კანონის დაცვა ყველასთვის სავალდებულოა, ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ "ფეისბუქიც" დაემორჩილოს ამ კანონს და ეს აუცილებლად მოხდება 2018 წელს", - განაცხადა ალექსანდერ ჟაროვმა, ტელეკომუნიკაციის მაკონტროლებელი სამთავრობო "როსკომნადზორის" ხელმძღვანელმა. მისივე თქმით, თუკი "ფეისბუქი" ამ კანონს არ დაემორჩილება, მაშინ რუსეთში მისი ფუნქციონირება აიკრძალება.
გასულ წელს რუსეთის ხელისუფლებამ უკვე აკრძალა პროფესიული სოციალური ქსელის "LinkedIn"-ის ფუნქციონირება სწორედ იმ მიზეზით, რომ ის რუსეთის კანონმდებლობას არღვევდა.
სოციალური ქსელ Fecabook-ს რუსეთის ოპოზიცია კომუნიკაციისა და საპროტესტო ღონისძიებების დასაგეგმად აქტიურად იყენებს.