რუსეთი ამბობს, რომ პოკროვსკისთან ახლოს მდებარე დასახლებას აკონტროლებს

რუსეთი აცხადებს, რომ მისმა ძალებმა კვირას უკრაინის აღმოსავლეთში ქალაქი ნოვოჰროდივკა აიღო, რომელიც პოკროვსკიდან სულ რაღაც 12 კმ-ითაა დაშორებული. პოკროვსკი თავის მხრივ მნიშვნელოვანი სარკინიგზო და სატრანსპორტო კვანძია ამ ზონაში უკრაინული ძალებისთვის. სრულმასშტაბიან ომამდე ქალაქში 14 000-მდე ადამიანი ცხოვრობდა.

რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ამ დროისთვის ქვეყნის დაახლოებით ერთ მეხუთედს აკონტროლებს.

იური პოდოლიაკა, უკრაინული წარმოშობის პრორუსი სამხედრო ბლოგერი რუკებს აქვეყნებს, სადაც მისი თქმით, ჩანს, რომ რუსული ძალები ნოვოჰროდივკის მიღმა, ქალაქ პოკროვსკისკენ 7კმ-ზე ნაკლები დაშორებით, სულ მცირე ორი მიმართულებით უტევენ უკრაინელ სამხედროებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი კვირას გამოქვეყნებულ განცხადებაში ამბობს, რომ ამ ტერიტორიაზე რუსების 29 იერიში მოიგერიეს და მათი დაწინაურების მცდელობა აღკვეთეს. 7 ადგილას შეტაკებები კი კვლავ გრძელდება. "ჩვენი ძალები იღებს შესაბამის ზომებს, რომ კონკრეტული პოზიციები შეინარჩუნოს", - ნათქვამი იყო კვირა საღამოს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

თუმცა გასულ კვირას, "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში, ერთ-ერთი უკრაინელი ოფიცერი ამბობდა, რომ მათ ნოვოჰროდივკის ტერიტორია დატოვეს, რადგან მისი დაცვა მიზანშეწონილად არ იყო მიჩნეული. ჟურნალისტებს არ აქვთ შესაძლებლობა ადგილზე ვითარება დამოუკიდებლად გადააამოწმონ და დაადასტურონ რომელიმე მხარის მიერ გავრცელებული ცნობების სიზუსტე.