როგორც ჩანს, რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა სირიაში თურქეთის სამხედრო შეჭრას მხარი დაუჭირა, მაგრამ საკუთარი „წითელი ხაზებიც“ გაავლო და ამაში შედის ის პირობაც, რომ სამხედრო თავდასხმამ თურქეთის მიერ სირიის ტერიტორიის მუდმივი ოკუპაცია არ უნდა გამოიწვიოს. ერდოღანისგან სირიის მომავლის შესახებ მოსკოვის გეგმის მიღებასაც მოელიან, რომელიც რუსეთის მოკავშირე ბაშარ ასადის მიერ მთელ სირიაზე კონტროლის დაბრუნებას ითვალისწინებს.
კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება: ერდოღანს თუ გაუჩნდება ცდუნება, საზღვრის გასწვრივ ეთნიკური წმენდის შემდეგ, თურქეთის პროტექტორატი შექმნას და ამჟამად თურქეთში მყოფი 2 მილიონზე მეტი სირიელი არაბი ლტოლვილი იქ ჩაასახლოს.
მოსკოვში შეშფოთებული არიან, რომ შესაძლოა ანკარამ რუსეთთან ურთიერთობა დააზიანოს და საოკუპაციო რეჟიმი დაამყაროს, რაც სირიის ტერიტორიული სუვერენიტეტის ხანგრძლივ დარღვევად იქცევა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ კრემლი ცდილობს თურქეთის შეჭრაზე პასუხი გულდასმით მოზომოს, რათა დააბალანსოს ანკარასთან ფლირტი და სირიის ომის შემდგომი მდგომარეობა, რომელიც რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური უპირატესობისთვის ხელსაყრელი იქნება.
ანალიტიკოს არონ ლუნდის თანახმად, რუსეთი სირიაში ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესების დაბალანსებას ცდილობს. კრემლს, ერთის მხრივ, თავის პროტეჟე ბაშარ ასადისმმართველობის აღდგენა მთელ სირიაში სურს, მეორეს მხრივ, მოსკოვსა და ანკარას შორის ურთიერთობის დათბობისთვის რისკის შექმნა არ სურს, რადგან ნატოს წევრი თურქეთის ამერიკის ორბიტიდან გაყვანას, რუსეთისთვის დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.