კრემლი აშშ-ში რუსეთის ელჩად დარჩიევის დანიშვნას გეგმავს

რუსეთის საელჩოს შენობა ვაშინგტონში, აშშ-ის დედაქალაქში.

რუსული მედიის ცნობით, შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩად, კრემლი ალექსანდრე დარჩიევს დანიშნავს. გაზეთმა "კომერსანტმა", 24 ნოემბერს, ინფორმაცია სამ წყაროზე დაყრდნობით, მათი ვინაობის გამხელის გარეშე გაავრცელა.

დარჩიევი გამოცდილი რუსი დიპლომატია. ის, ამჟამად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ჩრდილოეთ ამერიკის განყოფილებას ხელმძღვანელობს. ბოლოს, 2014 წლის ოქტომბრიდან, 2021 წლის იანვრამდე, მან ელჩად კანადაში იმსახურა.

დამტკიცების შემთხვევაში, ის შეცვლის ანატოლი ანტონოვს, რომელსაც ვადა სულ ახლახან, ოქტომბერში ამოეწურა. ახალ ელჩს საქმიანობის დაწყება ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის გაზრდილი დაძაბულობის პერიოდში მოუწევს.

ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მმართველობის პერიოდში, შეერთებული შტატები კიევის მთავარი მხარდამჭერია, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომში. 20 იანვარს, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტის ფიცს დადებს და თეთრ სახლის ოვალურ კაბინეტს დაიკავებს, რუსეთის ელჩს საქმე მის ადმინისტრაციასთან ექნება.

ასევე ნახეთ: პესკოვი: პუტინი ტრამპთან სასაუბროდ მზადაა, თუმცა უკრაინასთან დაკავშირებით მიზნები არ შეცვლილა