კრემლის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაზე საჰაერო იერიშები მიიტანა, რომელთა სამიზნე უკრაინული სამხედრო ობიექტები იყო, მათ შორის იარაღის საწყობები და ქარხნები. მოსკოვი ამტკიცებს, რომ ყველა სამიზნე განადგურებულია და განმარტავენ, რომ გამოიყენეს მაღალი სიზუსტის საჰაერო და საზღვაო იარაღი.
"დარტყმის მიზანი მიღწეულია... შეფერხებულია საწარმოების მუშაობა, რომლებიც უკრაინული ჯარების საბრძოლო მასალას, იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას აწარმოებდნენ,“ - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
კიევში კი ამბობენ, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში ეს რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილი იერიშების მეორე დიდი ტალღაა, რის გამოც დაშავდა მშვიდობიანი მოსახლეობა, უკრაინულ ქალაქ პავლოჰრადში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სარკინიგზო ხაზი. კიევის თქმით, დაშავებულთა რაოდენობა 34-ს აღემატება.
Your browser doesn’t support HTML5
წინა ასეთი სარაკეტო იერიშის დროს რუსულმა რაკეტებმა 23 უკრაინელის სიცოცხლე შეეწირა. რუსული რაკეტა ქალაქ უმანში საცხოვრებელ კორპუსს დაეცა.
ოფიციალური კიევის ცნობით, სულ რუსეთმა ბოლო იერიშის დროს 18 ფრთოსანი რაკეტა გამოიყენა, საიდანაც 15-ის ჩამოგდება მათ მოახერხეს. უკრაინულ ქალაქებში მათ შორის, დედაქალაქ კიევში რამდენიმე საათის განმავლობაში ისმოდა საჰაერო განგაში.