რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ მან 21 ნოემბერს კოვიდსაწინააღმდეგო რუსული ვაქცინის კიდევ ერთი დოზა გაიკეთა.
"ორი საათის წინ ვაქცინის კიდევ ერთი დოზა გავიკეთე. ვერაფერს ვგრძნობ. ნორმალურ მდგომარეობაში ვარ. ყველაფერი კარგადაა", - თქვა მან კვირას სახელმწიფო ტელევიზია "რასია 24"-ის ეთერში.
მის მიერვე გავრცელებული ინფორმაციით, პუტინმა ქვეყნის შიგნით წარმოებული ვაქცინის "სპუტნიკ V"-ის პირველი დოზა მარტში, მეორე კი - აპრილში მიიღო. თუმცა, ამის შესახებ მხოლოდ ივნისში განაცხადა.
ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთში ოფიციალური ინფორმაციით, ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლებია. აქტივისტები ამბობენ, რომ ეს რიცხვებიც კი იმაზე მცირეა, ვიდრე სინამდვილეში. რუსეთის 146 მილიონამდე მოსახლეობიდან მხოლოდ 37 %-ა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ აცრილი. თუმცა, ქვეყანა მსოფლიოში პირველი იყო, ვინც ვაქცინა შექმნა და გამოსაყენებლად დაამტკიცა. დასავლეთის ქვეყნებში მარეგულირებლების მიერ რუსული ვაქცინა აღიარებული არ არის და ისინი ქვეყანას ვაქცინასთან დაკავშირებული მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდებენ. თუმცა "სპუტნიკ V"-ს უკვე არაერთ ქვეყანაში იყენებენ.
რუსეთში ოფიციალურად ამ დრომდე კოვიდ-19 9.3 მილიონ ადამიანს დაუფიქსირდა და 264 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ის ევროპაში ყველაზე დაზარალებულ ქვეყნად მიიჩნევა. თუმცა რუსეთის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახური აცხადებს, რომ ის კოვიდთან დაკავშირებული გარდაცვალების უფრო ფართო განმარტებას იყენებს და ეს რიცხვი სავარაუდოდ 460 000-ს აღწევს.