პუტინი: "დასავლეთს ჩვენი წარმატება აღიზიანებს"

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დასავლეთის ქვეყნებს ალექსეი ნავალნის დაპატიმრებასთან დაკავშირებით რუსეთში პროტესტის წაქეზებაში სდებს ბრალს. მისი თქმით, რუსეთის რამდენიმე ბოლოდროინდელი წარმატება, მათ შორის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის - სპუტნიკ V-ის დამტკიცება, მოსკოვის ოპონენტებს აღიზიანებს.

მის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ ქვეყანაში ვითომდა პუტინის მხარდამჭერი აქციები სინამდვილეში დადგმული სცენები იყო. მოქალაქეებმა, რომლებიც ამ კადრებში ჩანდნენ, თქვეს, რომ მათ ვიდეოში მონაწილეობა მოტყუებით მიიღეს. ზოგიერთმა კი თქვა, რომ ისინი იძულებულნი იყვნენ მოსულიყვნენ, რადგან "საწარმოების ხელმძღვანელობამ მათ არჩევანი არ დაუტოვა".

ასევე ნახეთ: გერმანია: ლავროვის განცხადება კავშირების გაწყვეტაზე "შემაცბუნებელია"


დამოუკიდებელი მედიასაშუალებები აცხადებენ, რომ კრემლმა და მმართველი პარტიის ლიდერებმა კონკრეტული მითითებები გასცეს, თუ როგორი ვიდეოები უნდა ყოფილიყო გადაღებული. კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ რუსეთის ხელისუფლებას ამ ვიდეოებთან საერთო არაფერი აქვს.

ერთ-ერთი ვიდეო ციმბირის ქალაქ ბარნაულში იყო გადაღებული, სადაც გაუსლ თვეში ნავალნის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ქიმიური საწარმოს თანამშრომლები ქარხნის კიბეზე პატრიოტულ სიმღერებს მთერიან და ამბობენ "რუსეთი, რუსეთი, ამ სიტყვაში იმდენი ძლიერებაა". ერთ-ერთ სხვა ვიდეოში კი მოსკოვის სახელმწიფო სამართლის უნივერსიტეტის სტუდენტები არიან გადაღებულნი. მოგვიანები მათ თქვეს, რომ ისინი რუსეთის მიერ ვაქცინის შემუშავების პროცესის საქებრად დაიბარეს, ადგილზე მისულებს კი პუტინის მხარდამჭერი სლოგანების გამეორების ინსტრუქცია მისცეს.

"რასია 24"-ისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში ვლადიმირ პუტინი აღიარებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ცხოვრების სტანდარტი დაეცა, თუმცა იგივე მოხდა მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. მისივე თქმით, ნორმალურია, რომ ხალხი იმედგაცრუებულია, მაგრამ ნავალნისთან დაკავშირებულ პროტესტს "რუსეთის მტრები აქეზებენ".

რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ნორმალურია, თუკი ქვეყნის მოსახლეობა ხელისუფლებას კრიზისთან დაკავშირებულ პრობლემებში ადანაშაულებს, მაგრამ მისი თქმით, მოსკოვის ოპონენტები "გადაღლის, იმედგაცრუებისა და უკმაყოფილების იარაღად გამოყენებას ცდილობენ".

"რაც უფრო ძლიერები ვხდებით, მით უფრო ძლიერია მათ მიერ ჩვენი შეკავების პოლიტიკაც", - ამბობს ვლადიმირ პუტინი.

გასულ კვირას ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კრემლი შეცდომას უშვებს, როდესაც პოლიტიკურ არეულობას გარე ძალებს აბრალებს. "რუსეთის მოქალაქეები ეძებენ გზებს იმისათვის, რომ მათი ხმა გაგონილი იყოს და სისტემა, რომელიც ამჟამად არსებობს, ამას ხელს სულაც არ უწყობს", - თქვა ამერიკის პირველმა დიპლომატმა.