რუსეთი ახლა უკრაინაში თავს იცავს, ამბობს დასავლელი ოფიციალური პირი

მას შემდეგ რაც რუსულმა ჯარმა ხერსონი დატოვა და უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნეს, სააგენტო „როიტერთან“ დასავლელი ოფიციალური პირი ამბობს, რომ ახლა რუსეთი თავდაცვით ოპერაციას ახორციელებს.

„აშკარაა, რომ ამ დროისთვის რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპაცია თავდაცვით ოპერაციად იქცა,“- ამბობს დასავლელი ოფიციალური პირი, „როიტერთან“ ანონიმურად საუბრისას.

მისივე თქმით, რუსეთმა ხერსონიდან 20 000-მდე სამხედრო მოსამსახურე გაიყვანა და გადაჭარბებულია ცნობები, რომ ეს რაოდენობა 30,000-ს უტოლდებოდა. აქვე ოფიციალური პირი დასავლეთიდან განმარტავს, რომ მისი აზრით მომავალი წელი ბრძოლის ველზე სტატიკური იქნება.

„თუ ზოგი ელოდება, რომ ჩამოიშლებიან ჯარები ან ერთ ან მეორე მხარეს, ჩვენ ვერ ვხედავთ ამის ნიშნებს წლის ბოლომდე“ - ამბობს ის.

უკრაინამ ხერსონზე კონტროლი გასული კვირის ბოლოს აღიდგინა, 14 ნოემბერს კი დეოკუპირებულ ქალაქში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდომირ ზელენსკი ჩავიდა, აღიმართა უკრაინის დროშა, პრეზიდენტი შეხვდა სამხედროებს და ადგილობრივ მოსახლეობას და მათ მადლობა გადაუხადა.