ნავალნის სასჯელის დამძიმება ემუქრება

რუსეთის წამყვან ოპოზიციურ ფიგურას, ალექსეი ნავალნის, სისხლის სამართლის ახალი ბრალდება ემუქრება მას შემდეგ, რაც ის ფაქტობრივად აიძულეს დაერღვია მაქსიმალური უსაფრთხოების კოლონიის წესები, - ამის შესახებ მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა განაცხადა.

ვადიმ კობზევმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ უსიამოვნო სუნის მქონე პატიმარი ორშაბათს ნავალნის საკანში „პროვოკაციის“ მიზნით იმ დროს მოათავსეს, როცა ის შრომით ვალდებულებებს ასრულებდა. ნავალნის კი მისი გარეთ გათრევის გარეშე, არ ჰქონდა საკანში დაბრუნების სხვა გზა.

ასევე ნახეთ: ნავალნი აცხადებს რომ საკანში "ბომჟის" შესახლებთ მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებენ

კობზევის თქმითვე, ნავალნის მოგვიანებით შეატყობინეს, რომ ბრალს წაუყენებენ ციხის ხელმძღვანელობისთვის ხელის შეშლაში, რაც მაქსიმუმ 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასჯელაღსრულების სამსახურმა, რომელიც აქამდე გამუდმებით უარყოფდა არასათანადო მოპყრობის ბრალდებებს, „როიტერის“ ჟურნალისტების მიერ ამ თემაზე დასმულ კითხვებს არ უპასუხა.

ნავალნი თაღლითობისა და სასამართლოს უპატივცემულობის ბრალდებით უკვე იხდის 11,5-წლიან სასჯელს კოლონიაში. ბრალდებები მისი და მისი გუნდის წევრების სეფასებით, შეთხზული და პოლიტიკურად მოტივირებულია.

ასევე ნახეთ: კრემლის კრიტიკოსს 25-წლიანი პატიმრობა ელის

გასულ ხუთშაბათს ნავალნის პრეს-სპიკერმა თქვა, რომ მას მუცლის ძლიერი ტკივილი აწუხებდა და ფიქრობს, რომ მას წამლავენ. ორი დღით ადრე მის „ტვიტერზე“, რომელსაც მისი თანამოაზრეები მართავენ, დაიწერა, რომ ნავალნი სამარტოო საკანში გადაიყვანეს და აიძულეს "ჯოჯოხეთური" პირობებისთვის გაეძლო.

კობზევმა თქვა, რომ ეს მე-13 შემთხვევაა, როცა ის კარცერში გადაიყვანეს. ნავალნი 2021 წელს დააკავეს, როცა ის რუსეთში ბრუნდებოდა გერმანიიდან, სადაც ის უგონო მდგომარეობაში, მოწამვლის შემდეგ გადააფრინეს და სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა.