1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში შეჭრას მოსკოვშიც აპროტესტებდნენ

1968 წლის აგვისტოში საბჭოთა ტანკები ჩეხოსლოვაკიაში შეიჭრა და ქვეყნის ხელისუფლების მცდელობა შეექმნა "სოციალიზმი, რომელსაც ადამიანური სახე ექნებოდა", ძალადობრივად დაასრულა.

საბჭოთა ხელისუფლება ყველას არწმუნებდა, შეიარაღებული ძალები "მხოლოდ მეგობრული დახმარების" აღმოსაჩენად იყვნენ ქვეყანაში. თუმცა აქტივისტებმა, რომლებიც რუსეთის დემოკრატიულ გარდაქმნას ითხოვდნენ, ეს ქმედებები გააპროტესტეს.

"იყო იმედი, რომ ჩეხოსლოვაკია დაიწყებდა რეფორმების გატარებას და ეს რეფორმები არა მხოლოდ ამ ქვეყანას, არამედ რუსეთსაც წაადგებოდა", - ამბობს პაველ ლიტვინოვი, საბჭოთა დისიდენტი, რომელიც "პრაღის გაზაფხულისას" 28 წლის იყო. მან, 7 სხვა დისიდენტთან ერთად, წითელ მოედანზე ჩეხი და სლოვაკი მეგობრების მხარდასაჭერად საჯარო პროტესტი დაგეგმა.

როდესაც კრემლის საათზე შუადღის 12 საათი შესრულდა, 8 მოქალაქემ წითელ მოედანზე ბანერი გაშალა: "თქვენი და ჩვენი თავისუფლებისთვის" - ეწერა პლაკატზე. პოეტმა ნატალია გორბუნოვსკაიამ კი ჩეხოსლოვაკიის დროშა გაშალა. დემონსტრაცია მხოლოდ რამდენიმე წუთს გაგრძელდა, სანამ "სუკის"-ის აგენტები საქმეში ჩართნენ. ლიტვინოვს ახსოვს, როგორ მოხვდა თავში გაურკვეველი მძიმე საგანი. ვიქტორ ფეინბერგი, დემონსტრაციის ერთ-ერთი მონაწილე იხსენებს, რომ მას სახეში ე.წ. "კასტეტიანი" ხელი გაარტყეს და საკუთარი კბილები ხელებში ჩაუცვივდა. ლიტვინოვს ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს. არც სხვები დაინდეს, გორბუნოვსკაიასა და ფინბერგს შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს და იძულებითი მკურნალობა დუანიშნეს. გათავისუფლების შემდეგ, ყველა მათგანმა საზღვარგარეთ განაგრზო ცხოვრება.

ბევრი ისტორიკოსის აზრით, 25 აგვისტოს დემონსტრაცია წითელ მოედანზე, უდიდესი ნაბიჯი იყო საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ დისიდენტური მოძრაობის ისტორიაში.

"არ იყო იმედი, რომ რაიმე პრაქტიკული შედეგი იქნებოდა ან სიტუაცია გამოსწორდებოდა. ნათელი გახდა, რომ ძალიან გრძელი ეპოქის დასაწყისში ვიმყოფებოდით", - ამბობს საბჭოთა პერიოდში ადამიანის უფლებათა მოძრაობების სპეციალისტი, ისტორიკოსი ალექსანდერ დანიელი.