ახალი კვლევის მიხედვით ჩანს, რომ ხანგრძლივი პატიმრობის მუქარას და პოლიტიკური და გარემოს დაცვის აქტივისტების შევიწროებას, ანტისამთავრობო პროტესტების შეფერხების კუთხით, კრემლისთვის სასურველი შედეგი არ მოაქვს.
2019 წლის პირველ ნახევარში 863 საპროტესტო გამოსვლა მოხდა და სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის ეს რიცხვი 2 ათასამდე გაიზრდება. მათი უმეტესობა მთავრობის და სამართალდამცავების წინაღმდეგ, ან გარემოს დაბინძურების და შეღავათების შეკვეცის გაპროტესტების მიზნით გაიმართა.
საპროტესტო აქტიურობით მხოლოდ ორი რეგიონი არ გამოირჩეოდა. ერთია ჩუკოტკა, სადაც გზები მეტწილად არ არსებობს და მეორეა ჩეჩნეთი, რომელიც 2005 წლიდან რამზან კადიროვის რკინის მარწუხშია. კადიროვის შეიარაღებულ ჯგუფებს უფლებადამცველების მკვლელობებს და გატაცებებს აბრალებდნენ.
კვლევა მხოლოდ პირველ ექვს თვეს შეეხო და მხედველობაში არ მიუღია ივლისში დაწყებული მოსკოვის მასობრივი გამოსვლები, რომელშიც ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა. მოსკოვში დაკავებული თითქმის 3 ათასი ადამიანიდან, პატიმრობა მხოლოდ მცირე ნაწილს მიუსაჯეს. თუმცა, ორ ათეულზე მეტი პატიმრობაში რჩება და მასობრივი არეულობის ბრალდებით, მათ ხანგრძლივი პატიმრობის განაჩენი ემუქრება.
კვლევის მიხედვით, საპროტესტო აქციები, პირველ კვარტალთან შედარებით, როდესაც ძირითადად სოციალურ საკითხებს აპროტესტებდნენ, ახლა სულ უფრო მეტად პოლიტიკური ხასიათის ხდება.
საპროტესტო კამპანიების ჩაშლის მცდელობების მიუხედავად, რომელშიც უშიშროების აგენტების ჯგუფებში ჩანერგვა და ინტერნეტის თავისუფლების შეზღუდვაც შედის, როგორც ჩანს, კრემლს საპროტესტო ტალღის შეკავება არ შეუძლია.
სოციოლოგი ოლგა ზეველევა ამბობს, რომ პროტესტების მუხტის შენარჩუნებას, მეორე ათასწლეულის თაობის და სტუდენტების მიერ ტექნოლოგიების აქტიურად გამოყენება უწყობს ხელს. განსაკუთრებით - ისეთი პროგრამების გამოყენება ორგანიზების და ინფორმირებისთვის, როგორიცაა „ტელეგრამი“. მისი მეშვეობით დაპატიმრებულებს იურიდიულ კონსულტაციასაც უწევენ. ოლგა ზეველევა, რომელიც ახალი ამბების ვებ-გვერდ „მედუზასთვის“ წერს, აცხადებს, რომ მობილიზაციის ახალი, ციფრული ფორმები, პროტესტის თანამედროვე ტალღას აყალიბებს.
მიუხედავად ამისა, ზეველევა ამბობს, რომ „მოძრაობების“ ხანგრძლივი პერსპექტივა უცნობია და ოპტიმიზმისთვის ნაკლები მიზეზი არსებობს“. აქტივისტები შიშობენ, რომ კრემლის მკაცრი რეაქციის პირისპირ, პროტესტები შესაძლოა მინელდეს ისე, როგორც ეს 2012 წელს მოხდა.
სასამართლომ დონის როსტოვში, მასობრივი უწესრიგობის ორგანიზების მცდელობის ბრალდებით, ორ ახალგაზრდა აქტივისტს ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 2017 წელს ისინი დონის როსტოვის ადგილობრივი სამთავრობო შენობის წინ იდგნენ და ხელში ეკავათ პლაკატები, რომლითაც პუტინს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ. დაკავების შემდეგ, ისინი პოლიციას პატიმრობაში ჰყავდა და ორგანიზაციამ "საერთაშორის ამნისტია" მათ სინდისის პატიმრები უწოდა.
საერთაშორისო ამნისტიის დირექტორის მოადგილე აღმოსავლეთ ევროპის და შუა აზიის რეგიონში, დენის კრივოშეევი ამბობს, რომ ასეთი ადამიანის უფლებადამცველი აქტივისტების ციხეში ჩაგდება, ფაქტობრივად, რუსეთის სასამართლო სისტემის მდგომარეობისთვის წაყენებული ბრალია.
მაგრამ, მსგავსი განაჩენები ადამიანებზე გავლენას ახდენს. ერთ-ერთი დიდი რუსული არასამთავრობო ორგანიზაციის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ანონიმურად ამბობს, რომ ადრე პროტესტებში მონაწილეობას იღებდა და ბევრიც გადაიტანა, მაგრამ ახლა ეს შეწყვიტა და სხვებსაც დაჟინებით ურჩევს, ასე მოიქცნენ, რადგან ხელისუფლებას შეუძლია მათ ცხოვრება გაურთულოს და არასამთავრობო ორგანიზაციაც სამიზნე გახდეს.
კრემლის მოწინააღმდეგე აქტივისტები შიშობენ, რომ ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ საშუალო კლასის ფართო ფენების კრემლის წინააღმდეგ მობილიზებას. კარნეგის მოსკოვის ცენტრის ანალიტიკოსი ანდრეი კოლესნიკოვი ამბობს, რომ მოსკოვში და სხვა ადგილებში გამართულმა საპროტესტო გამოსვლებმა აჩვენა საზოგადოების საშუალო კლასში ის დაყოფა, რომელიც სახელმწიფო სამსახურზე დამოკიდებულ და საბაზრო ეკონომიკაზე დაყრდნობილ ადამიანებს შორისაა.
ის ამბობს: "განათლებას და კერძო საკუთრებას - ბურჟუაზიის საკვანძო ატრიბუტებს - შეუძლია ადამიანები კონფორმიზმისკენ და ასევე მეტი პოლიტიკური თავისუფლების მოთხოვნისკენ გადახაროს. ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ უმჯობესია თავი დახაროს და იმ გარემოებას მოერგოს, რომელსაც ახალ ნორმალურ გარემოებად მიიჩნევს.
სახელმწიფოზე დამოკიდებული ადამიანები საშუალო კლასის მზარდი ნაწილი ხდებიან. ადვილად არის შესაძლებელი, ოპოზიციის მარშების საპირწონედ, ისინი მთავრობის მომხრე დემონსტრაციებზე გამოიყვანონ, ან არასასურველ საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობა გადააფიქრებინონ.“