მოსკოვი უსაფრთხოების გარანტიებზე ვაშინგტონის პასუხს ითხოვს

რუსეთი აცხადებს, რომ მას სასწრაფოდ ესაჭიროება შეერთებული შტატების პასუხი, მის მიერ წამოყენებულ ყოვლისმომცველ მოთხოვნებზე. კრემლი კვლავ აფრთხილებს ვაშინგტონს და მის დასავლელ პარტნიორებს და ამბობს, რომ არ გამორიცხავს სამხედრო პასუხს იმ შემთხვევაში, თუ მისი შეშფოთების შესამსუბუქებლად, შემხვედრ პოლიტიკურ ნაბიჯებს არ იხილავს.

მოსკოვმა, რომელიც დასავლეთს უკრაინის მახლობლად ჯარების მობილიზებით აშფოთებს, გასულ კვირას უსაფრთხოების წინადადებების სია გამოაქვეყნა, რომლებზეც მოლაპარაკება სურს. მათ შორისაა დაპირების მითხოვნა იმის შესახებ, რომ ნატო უარს იტყვის აღმოსავლეთ ევროპასა და უკრაინაში ნებისმიერ სამხედრო საქმიანობაზე.

ასევე ნახეთ: ევროკავშირის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ ახალი შესაძლო სანქციების თაობაზე შეთანხმდნენ

ვაშინგტონმა იმთავითვე განაცხადა, რომ რუსეთის ზოგიერთი წინადადება აშკარად მიუღებელია. მაგრამ, ამ კვირაში, შეერთებული შტატები, ნებისმიერი მოლაპარაკებების ფორმატზე კრემლს უფრო კონკრეტული წინადადებებით უპასუხებს.

კონსტანტინე გავრილოვი, ვენაში რუსი დიპლომატი აცხადებს, რომ ნატოსთან ურთიერთობამ “ჭეშმარიტების მომენტს” მიაღწია. „საუბარი უნდა იყოს სერიოზული... და მიუხედავად ძლევამოსილებისა, ნატოში ყველას კარგად ესმის, რომ კონკრეტული პოლიტიკური ქმედებაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ალტერნატივა არის რუსეთის სამხედრო-ტექნიკური და სამხედრო პასუხი“, - აცხადებს გავრილოვი, რუსეთის ახალი ამბების სააგენტო "რიას" ცნობით.

ვაშინგტონში და კიევში ფიქრობენ, რომ რუსეთი შესაძლოა უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. რუსეთი ამას უარყოფს და ამბობს, რომ უკრაინის მზარდი ურთიერთობა ნატოსთან არის ის, რამაც დაპირისპირების ესკალაცია გამოიწვია.

ასევე ნახეთ: ბრიდლოვი: "პუტინი მისივე შექმნილი კრიზისის დასრულებისთვის არ უნდა დავაჯილდოოთ"

მოსკოვი არსებულ ვითარებას, 1962 წლის კუბის სარაკეტო კრიზისს ადარებს, როდესაც მსოფლიო ბირთვული ომის ზღვართან მივიდა.

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი აცხადებს, რომ მოსკოვს შეერთებული შტატებისგან ჯერჯერობით არანაირი პასუხი არ მიუღია.

„ვფიქრობ, ისინი შეეცდებიან, ეს ნელა მიმდინარე პროცესად აქციონ. მაგრამ, ჩვენ გვჭირდება, რომ ეს სწრაფი პროცესი იყოს, რადგან ვითარება რთულია, მწვავე და შესაძლოა უფრო გართულდეს“ - ამბობს რიაბკოვი.

კრემლი აცხადებს, რომ დასავლეთი პასუხის შეფასება ჯერ ნაადრევია, თუმცა „სხვადასხვა წყაროებზე“ დაყრდნობით, ისინი ვარაუდობენ, რომ იდეების განხილვის შესახებ ვაშინგტონში მიმღებლობა არსებობს.