რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ კიევთან ახლოს, სამხედრო სამიზნეს ღამით, დარტყმა ფრთოსანი რაკეტებით მიაყენა. რუსეთის თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ კიევი მათი მხრიდან განახლებულ შეტევებს უნდა ელოდოს.
სამინისტროში ასევე ამბობენ, რომ რუსულმა ძალებმა სრული კონტროლი აიღეს ილიჩის ფოლადის ქარხანაზე, რომელიც ალყაში მოქცეულ საპორტო ქალაქ მარიუპოლში მდებარეობს. ის კვირების განმავლობაში იყო გარშემორტყმული რუსული ჯარების მიერ.
დღეს კიევში ძლიერი აფეთქებები ისმოდა. ეს ყველაზე დიდი აფეთქება იყო მას შემდეგ, რაც კიევის მისადგომებზე კონტროლი კვლავ უკრაინულმა არმიამ დაიბრუნა.
ასევე ნახეთ: ლონდონი აბრამოვიჩის მოკავშირეებს სანქციებს უწესებსაფეთქებების სერია მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთმა აღიარა, რომ ყველაზე დიდი რუსული სამხედრო გემი "მასკვა" ჩაიძირა.
უკრაინული მხარე ამბობს, რომ რუსული ხომალდის "მასკვა" ჩაძირვის მიზეზი მათი მხრიდან გემის დაბომბვა იყო. თუმცა, რუსები ამას არ აღიარებენ და ამბობენ, რომ გემზე ხანძარი გაჩნდა და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა მისი ჩაძირვა.
კრემლი იმუქრება, რომ პარასკევს განხორციელებული აფეთქებები ბოლო არ იქნება და კიევზე შეტევა მომავალშიც გაგრძელდება.
„კიევის სამიზნეებზე სარაკეტო დარტყმების რაოდენობა და მასშტაბები გაიზრდება რუსეთის ტერიტორიაზე ნებისმიერი ტერორისტული თავდასხმის, ან დივერსიული აქტის საპასუხოდ, რომელიც ჩადენილია კიევის ნაციონალისტური რეჟიმის მიერ“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.