დღეს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ 9 ამერიკული მედიის საშუალება, მათ შორის "ამერიკის ხმა", უცხოეთის აგენტად გამოაცხადა. სიაშია ასევე "რადიო თავისუფლება/თავისუფალი ევროპაც", რომელმაც გაფრთხილება ამ ნაბიჯის შესახებ ნოემბერში მიიღო.
ვლადიმირ პუტინმა რუსეთის პარლამენტის მიერ დამტკიცებულ შესაბამის კანონს ხელი 25 ნოემბერს მოაწერა, რამაც დასავლეთის სახელმწიფოების კრიტიკა გამოიწვია. კანონის მიხედვით, მედიის საშუალებებს, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთის ქვეყნებიდან იღებენ, უცხოეთის აგენტის სტატუსი მიენიჭება და სანქციები დაეკისრება.
რუსეთის ოფიციალური პირები ახალ კანონს ამერიკის მიერ რუსული მაუწყებლობის "არ-ტი" ("რაშა თუდეი"), უცხოეთის აგენტად იძულებითი რეგისტრაციის "სიმეტრიულ პასუხად" განიხილავენ. რუსეთში შეერთებული შტატების ელჩის, ჯონ ჰანტსმანის განმარტებით, ამერიკის ნაბიჯი მეტ გამჭვირვალობას ემსახურება და "არ-ტის" მაუწყებლობა ამერიკაში არ შეზღუდულა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის მიერ მიღებული კანონი დაგმო და განაცხადა, რომ ის პრესის თავისუფლებას ზღუდავს. "რუსეთის ახალი კანონი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს აძლევს უფლებას მედიის საშუალებები უცხოეთის აგენტად მონათლოს და მათი განსაზღვრული ინტერნეტ-აქტივობის მონიტორინგი, ან დაბლოკვა განახორციელოს, რუსეთში თავისუფალი მედიისთვიის კიდევ ერთ საფრთხეს წარმოადგენს" - განაცხადა ნოემბერში სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჰედერ ნაუერტმა.